ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ახალციხის რაიონულ სასამართლოში წარმომადგენლობითი ორგანოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
ლევან ლობჯანიძეს მიაჩნია, რომ თანამდებობიდან მისი გადაყენება უსაფუძვლოა და კენჭისყრის პროცედურა დარღვევით ჩატარდა. მისივე თქმით, საკრებულომ ყველა წესის დარღვევით აირჩია ახალი ხელმძღვანელიც.
ყოფილ თავმჯდომარეს ჯერჯერობით ადვოკატი არ ჰყავს და სასამართლოში საკუთარი ინტერესების დაცვას თავადვე აპირებს. იგი იმედოვნებს, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს და თანამდებობაზე დაბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ ლევან ლობჯანიძე 4 მარტს გამართულ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადააყენეს. აღნიშნული მოთხოვნით, წარმომადგენლობით ორგანოს “ქართული ოცნების” 15–მა დეპუტატმა მიმართა. მის გადაყენებას ფარული კენჭისყრით, 21 დეპუტატიდან მხარი 17–მა მათგანმა დაუჭირა.