”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მეუფე თეოდორემ და თეიმურაზ მურღულიამ მოსახლეობას ბზის მოჭრისგან თავის შეკავება სთხოვეს

Untitledპატრიარქის ქორეპისკოპოსმა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მოსახლეობას მოუწოდეს, ბზის მოჭრისგან თავი შეიკავონ.

სამინისტროს ინფორმაციით, კოლხური ბზის გადაშენების რეალური საფრთხის არსებობიდან გამომდინარე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება და სამართალდამრღვევზე კანონით დადგენილი სანქციები  გავრცელდება.  კერძოდ, ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა და აღნიშნულზე გათვალისწინებულია, როგორც ადმინისტრაციული, ასევე, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომები, რაც დამოკიდებულია ბუნებრივი რესურსის უკანონო მოპოვების შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობაზე. საჯარიმო სანქციების ოდენობა  ორასიდან ხუთას ლარამდე მერყეობს, ხოლო თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს –  სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება. 

“ბზა შესაძლებელია მოპოვებული იყოს მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარის შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე. მოვუწოდებთ მოსახლეობას, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ერთის მხრივ, ბზის მოჭრისაგან რეალიზაციის მიზნით და მეორე მხრივ, დიდი რაოდენობით ტოტების შეძენისაგან.

სხვადასხვა სანერგე მეურნეობებში სპეციალურად გამოყვანილი ბზა ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიებზე გაიყიდება და ჩვენი საერთო ძალისხმევით მივაღწევთ იმას, რომ ნაკლები ზიანი მივაყენოთ გარემოს” – აცხადებენ უწყებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გამკაცრებულია კონტროლი ველურად მზარდი კოლხური ბზის უკანონოდ მოპოვების აღკვეთის მიზნით. კოლხური ბზის უკანონოდ მოპოვების ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებს საჯარიმო სანქციას 150–დან 500 ლარის ოდენობით. საჯარიმო სანქციასთან ერთად, ასევე გათვალისწინებულია გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, ხოლო თუ ზიანი არის მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი.

ბზის რტოები ბზობის დღესასწაულის ერთ-ერთი სიმბოლოა , რომელიც აღდგომამდე ერთი კვირით ადრე, დიდი რაოდენობით იჭრება და იყიდება. კოლხური ბზა ენდემური სახეობაა.. მის გაზრდას რამდენიმე ათეული წელი სჭირდება და ხასიათდება არეალის შემცირების ტენდენციით, რისი ერთ–ერთი უმთავრესი მიზეზიც, სწორედ უკონტროლო ჭრაა. ამის გამო, კოლხური ბზა შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გავრცელებულ ბზის კორომებში უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში გამოვლინდა დაავადება – ე.წ.”ბზის სიდამწვრე”, აღნიშნული დაავადების გამო, თითქმის მთლიანად განადგურდა აჭარის ტერიტორიაზე არსებული ბზის უნიკალური კორომები და იგივე საფრთხე ემუქრება ქვეყნის სხვა ტერიტორიებზე გავრცელებულ ბზებსაც. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მიმდინარე წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში განხორციელდება ბზის კორომების სატყეო პათოლოგიური გამოკვლევა მის მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფონდში.

წყარო : http://pia.ge/show_news.php?id=37847&lang=geo

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე