”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

აუტიზმის დღესთან დაკავშირებით, ახალციხის მერი “მწვანე სახლის” ფილიალს ესტუმრა

აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,  ქალაქის მერი „მწვანე სახლის“ ახალციხის ფილიალს ესტუმრა და აღსაზრდელები მოინახულა. გიორგი კოპაძე დაწესებულების თანამშრომლებს გაესაუბრა და  ორგანიზაციას საჩუქრები გადასცა.  ქალაქის მერის თქმით, აუტიზმის საერთაშორისო დღეს ისინი ოდნავ მოგვიანებით შეუერთდნენ, ამიტომ საჩუქრებისთვის თანხა მერიის თანამშრომლებმა გაიღეს.

„მწვანე სახლის“  მენეჯერის ელისო თათეშვილის თქმით, ფილიალი ახალციხეში 2011 წელს გაიხსნა და იგი 22 ბენეფიციარს ემსახურება.  

დღესვე აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალციხის ციხე ლურჯად განათდა. აღნიშნული აქტივობით, ციხის ადმინისტრაცია ახალციხის მერიასთან ერთად აუტიზმის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდა. აღნიშნულ ინიციატივას, უკვე მეორე წელია, საერთაშორისო ორგანიზაცია “ვოლდ ვიჟენი” ახორციელებს.

2007 წლის 18 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ გამოაცხადა.  ეს დღე საქართველოში წელს მეხუთედ აღინიშნება, რაც მიზნად აუტიზმის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას ისახავს.

მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით,  ყოველი 88 ბავშვიდან ერთს აუტიზმის დიაგნოზი აქვს.  მის გარშემო დღემდე ყველაზე მეტი კითხვის ნიშნები არსებობს, რადგან აუტისტური სპექტრის აშლილობის გამომწვევი მიზეზები უცნობია.

Information

This entry was posted on 02/04/2015 by in საზოგადოება and tagged .

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე