”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

გარემოს დაცვის სამინისტრო დამშრალ მტკვართან დაკავშირებით დუმს

ასპინძის მუნიციპალიტეტში მტკვრის დონე ყოველდღიურად იკლებს. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს ოფიცილური განცხადების საფუძველზე, წყლის მატება იანვრის თვეში უნდა დაწყებულიყო, პრობლემა უარესდება. განადგურების პირასაა ფლორა და ფაუნა. მოსახლეობა მდინარის დაშრობის მიზეზად, თურქეთის ტერიტორიაზე მშენებარე კაშხალს ასახელებს.

ასპინძის მუნიციპალიტეტში მტკვრის დონე კვლავ ყოველდღიურად იკლებს. მაცხოვრებლები ამბობენ, რომ პრობლემას მხოლოდ მდინარის დაშრობა არ წარმოადგენს. დღითიდღე ნადგურდება თევზის სხვადასხვა სახეობა, რის შედეგადაც   ტერიტორია  ბინძურდება. მოსახლეობა შიშობს, რომ შემთხვევის გამო, შესაძლებელია , სოფელში ეპიდემია გავრცელდეს.

სოფელ ფიას მაცხოვრებლები ამბობენ, რომ  ზაფხულის პერიოდში, აღნიშნულ მდინარეს, სარწყავად მუნციპალიტეტის არაერთი სოფლის  მოსახლეობა იყენებს. ისინი ფიქრობენ, რომ მტკვრის დაშრობის გამო მათ პრობლემები შეექმნებათ, რადგან რწყვის პერიოდში მდინარეში წყლის საჭირო  რესურსი აღარ იქნება. მტკვრის დაშრობის მიზეზად, ადგილობრივები თურქეთის ტერიტორიაზე ჰესის მშენებლობას ასახელებენ. მათი თქმით, წყლის მასა მეზობელ ქვეყანაში ავზის შევსებას ხმარდება.

საქართველოს ტერიტორიაზე მტკვრის დონის კლებას ეხმაურება ასოციაცია ,,მწვანე ალტერნატივა“. მისი წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი განმარტავს, რომ პრობლემის მოგვარებას თურქული მხარე საქართველოს დეკემბრის თვეში დაპირდა, თუმცა მას შემდეგ ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა. ექსპერტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ მეზობელ ქვეყანას ბიოლოგიური მრავალფეროვნებისა და გარემოს დაცვის შესახებ სხვადასხვა კონვენციაზე აღებული პასუხისმგებლობის შესრულება უნდა მოსთხოვოს, რადგან აღნიშნული პრობლემა მხოლოდ ასპინძის მუნიციპალიტეტში არ დგას. ირაკლი მჭარაშვილის თქმით, მსგავსი სიტუაციაა თურქეთ–საქართველოს საზღვარზე არსებულ მდინარეებთან დაკავშირებითაც აჭარაში, თურქული მხარის მიერ, მდინარე ჭოროხზე არაერთი ჰესი შენდება.

ასპინძის მუნიციპალიტეტში მდინარე მტკვარმა კლება ნოემბრის თვეში დაიწყო. აღნიშნულ პრობლემაზე სახელმწიფომ ოფიციალური განცხადება დეკემბერში გააკეთა, სადაც ნათქვამი იყო, რომ წყლის დონის კლება თურქული მხარის მიერ  ზამთრისთვის წყალსაცავების შევსებამ გამოიწვია და მას ჰესის პროექტთან კავშირში არ ჰქონდა. მას შემდეგ პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. საკითხთან დაკავშირებით ტ/კ ,,მე–9 არხი“  გარემოსა  და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. არაერთი მცდელობის მიუხედავად, აღნიშნულთან დაკავშირებით, უწყებიდან პასუხი ამ დრომდე ვერ მივიღეთ.

Advertisements

დონორები

top.ge

TOP.GE