სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ურაველში პრიორტეტი ჯერ კიდევ არ შერჩეულა. დასახლებაში 30 მარტს კრება მეორედ გაიმართება, რადგან პირველ შეხვედრაზე მოსახლეობის უმრავლესობა არ გამოცხადდა და დასახელებული პრიორიტეტიც მხოლოდ ახალგაზრდების ინტერესებისზე მორგებული აღმოჩნდა. რისი მოგვარება სურთ ადგილობრივებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და რას ამბობენ, მაცხოვრებლები, რომელთა პრობლემაც სოფლის დახმარების პროგრამაში ვერასდროს მოხვდა.
30 მარტს, ურაველში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტის შესარჩევად გამართულ კრებაზე 50 ადგილობრივის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს განიხილავენ. პროექტის ფარგლებში, მაცხოვრებლები შიდა სავალი გზის მოწესრიგებას ითხოვენ და განმარტავენ, რომ მათ დასახლებამდე გადადგილება არა მხოლოდ უამინდობის, არამედ სიმშრალის პირობებშიც შეუძლებელია. ტერიტორია, რომლის კეთილმოწყობასაც ისინი მოითხოვენ, სოფლის თავში მდებარეობს და 25–მდე ოჯახია დასახლებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ ზამთარში 6 თვის განმავლობაში დასახლება ჩაკეტილია და ტრანსპორტი არ მოძრაობს. პრობლემას წარმოადგენს ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანის მისვლაც.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფელ ურაველში პრიორიტეტი ჯერ კიდევ არ შერჩეულა. აქ მოსახლეობის კრება 30 მარტს მეორედ გაიმართება. წინა შეკრებაზე ერთ–ერთ საკითხად ახალგაზრდებმა სპორტული მოედნის მოწყობა დაასახელეს, თუმცა მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მოედნის გარდა დასახლებაში არაერთი სხვა მნიშვნელოვანი პრობლემა დგას.
ურველში მაცხოვრებლები ამბობენ, რომ წლების განმავლობაში სოფელში კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება შიდა სავალი გზისა და წყლის საკითხი. ამიტომ უმჯობესი იქნება, თუკი პირველ რიგში აღნიშნული პრობლემები მოგვარდება.
სოფელში კიდევ ერთ მოსაგვარებელ პრობლემაზე საუბრობს გამგებლის წარმომადგენელი ურავლის ადმინისტრაციულ ერთეულში. ემზარ ოქრომელიძე ამბობს, რომ პრიორიტეტი ადგილობრივებმა ერთობლივად უნდა შეარჩიონ, თუმცა მისივე აზრით, უმჯობესი იქნება თუ სოფელში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიგეგმება, რადგან შენობა მოსახლეობას დარჩება. მის კეთილმოწყობაში კი შესაძლოა არასამთავრობო ორგანიზაციებიც ჩაერთონ. პრიორიტეტის შესარჩევად დაგეგმილი კრების შესახებ კი იგი სოფლელებს უკვე მეორედ აფრთხილებს. ამბობს, რომ წინა კრებაზე მოსახლეობის აქტივობა დაბალი იყო, ამიტომ სპორტული მოედანი, რომელიც ახალგაზრდებმა დაასახელეს, პრიორიტეტად ჯერ არ შერჩეულა.
ურავლის ადმინისტრაციულ ერთეულში სამი სოფელი: ურაველი, მუსხი და ხეოთი ერთიანდება. სოფლის კრებების შედეგად მოსახლეობამ, მიმდინარე წლის პრიორიტეტად, მუსხისათვის გამოყოფილი თანხით, რომელიც 19 000 ლარს შეადგენს, სასმელი წყლის შიდა ქსელის რეაბილიტაცია შეარჩია. ხოლო ხეოთში, 7 ათასი ლარის ფარგლებში ხიდის მშენებლობა დაიგეგმა. თანხა გამოყოფილია სოფელ ურავლისთვისაც, თუმცა რას მოხმარდება 18 000 ლარი – ეს მოსახლეობამ 30 მარტს უნდა გადაწყვიტოს.