ახალციხის კომისარიატის ყოფილი შენობა მერიის ბალანსზე გადავიდა, შესაბამისად ადგილობრივ თვითმმართველობას აღნიშნულ შენობასთან დაკავშირებით საკუთარი გეგმა აქვს, შენობაში უკანონოდ შეჭრილ მაცხოვრებლებს კი ოთახების დაცლა მოუწევთ. როგორია მერიის პოზიცია და დატოვებენ თუ არა მაცხოვრებლები კომისარიატის ყოფილ შენობას.
მაია ლაცაბიძე კომისარიატის ყოფილ შენობაში მესამე წელია ცხოვრობს. მისი თქმით, ორი ოთახი, იმის გამო დაიკავა, რომ სხვა საცხოვრებელი არ აქვს და ორი მცირეწლოვანი ბავშვით ღია ცის ქვეშ ცხოვრება უხდებოდა. ამბობს, რომ შენობაში შესვლის შემდეგ ოჯახს არა ერთი პრობლემა შეექმნა. მათთან გამოსახლების მოთხოვნით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ხშირად მიდიან, ბოლოს იგივე მოთხოვნა ახალი წლის დღეებში მიიღო. ლაცაბიძე შენობის დაცლას არ აპირებს და ადგილობრივ ხელისუფლება ბინის დაკანონებისათვის დახმარებას სთხოვს.
ახალციხის კომისარიატის ყოფილ შენობაში 4 ოჯახი ცხოვრობს. მაცხოვრებლები ამბობენ, რომ სხვა თავშესაფარი არ აქვთ და სადაც თავისუფალი ფართი ნახეს თავი იქ შეაფარეს. ამ დრომდე, მათთან გამოსახლების მოთხოვნით, სხვადასხვა სამსახურებიდან ხშირად მიდიოდნენ, თუმცა შენობა სახელმწიფოს ბალანსზე იყო და მაცხოვრებლები ფართს ინარჩუნებდნენ. დაახლოებით ერთი თვეა, კომისარიატის ყოფილი შენობა ახალციხის მერიის დაქვემდებარებაში გადავიდა. ქალაქის მერის თქმით, აღნიშულ შენობაში ადგილობრივმა თვითმმართველობამ სხვადასხვა ორგანიზაციები უნდა განათავსოს, ამიტომ მაცხოვრებლებს ტერიტორიის დაცლა მოუწევთ.
კომისარიატის ყოფილი შენობის მაცხოვრებლები ფართის დატოვებას არ აპირებენ. მათი თქმით, შენობა არა მარტო აღნიშულ 4 ოჯახს, არამედ სხვა პირებსაც აქვთ დაკავებული. ბინის ერთ–ერთი მაცხოვრებელი ფოთოლა კერვალიძე ამბობს, რომ შენობის პირველ სართულზე კერძო სპორტული დარბაზია, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობა ფართის დაცლის მოთხოვნას მხოლოდ აღნიშნულ 4 ოჯახს უყენებს.
შენობის პირველი სართული, რომელზეც ფოთოლა კერვალიძე საუბრობს, სახალხო არტისტის, ნათელა იაძის ეზოს ესაზღვრება. სპორტული ინვენტარით აღჭურვილი ოთახი კი როგორც ქალბატონი გვიხსნის, მისმა შვილიშვილმა მოაწყო. მისივე თქმით, 22 წლის სპორტსმენს ფართი დაკავებული არ აქვთ და მხოლოდ დროებით სარგებლობს, რადგან მათ უბანში სპორტული მოედანი ვარჯიშისთვის მოუხერხებელ ადგილზეა. ნათელა იაძის თქმით, მისმა შვილიშვილმა ოთახი თავად დაასუფთავა, გაარემონტა და ახალგაზრდებისათვის სასარგებლოდ იყენებს.
სამი წლის წინ კომისარიატის ყოფილ შენობაში 4 ოჯახი საკუთარი ნებით შესახლდა. უმუშევრობის გამო, ოჯახის წევრები თავს სოციალური დახმარებით ირჩენენ. მიიღებენ თუ არა ისინი ადგილობრივი თვითმმართველობის შეთავაზებას ალტერნატიული ფართის გამოყოფის შესახებ და რას განათავსებს შენობაში მერია, ჯერჯერობით უცნობია. შენობა უფუნქციოდ დაახლოებით 4 წლის წინ დარჩა.