”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სოფლის რწმუნებულებმა ადგილობრივი თვითმმართველობისგან შენიშვნა მეორედ მიიღეს

რატომ პასიურობენ სოფლის რწმუნებულები ხვნის ბარათების დარიგებისას, ჩართულია თუ არა მოსახლეობა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პრიორიტეტების შერჩევაში და ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, თუკი ადგილობრივებს საშეშე მერქნის მოპოვებისას პრობლემები შეექმნებათ– ეს ის საკითხებია, რომლებზეც დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თათბირზე ისაუბრეს. საყვედურები სოფლის რწმუნებულებს და ადგილობრივი თვთმმართველობის მიერ განხორციელებული პროექტების მიმდინარეობა.

ტერიტორიული გაერთიანებების რწმუნებულებმა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსისგან საყვედური სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდნარეობასთან დაკავშირებით მიიღეს. ნოდარ ბალახაშვილის თქმით, პრიორიტეტების არჩევის მიზნით გამართულ სოფლის კრებებზე, მოსახლეობის ჩართულობა დაბალია. მისივე თქმით, აგარაში კრება ორჯერ ჩატარდა, თუმცა შეხვედრაზე, პირველად –  7, მეორედ კი – 8 მაცხოვრებელი მივიდა. შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები  აწყურში, აგარაში, ვალეში, მინაძეში, ჭაჭარაქსა და რიგ სოფლებში კრებებს კიდევ ერთხელ გამართავენ.

ახალციხის ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში  პრიორიტეტების შერჩევა 10 აპრილამდე უნდა დასრულდეს. მათივე განმარტებით, იმისთვის, რომ შესასრულებელი სამუშოები დაზუსტდეს, სოფლის კრებებში მონაწილეობა მოსახლეობის 30%–მა მაინც უნდა მიიღოს. ამ დროისათვის რიგ სოფლებში მოსაგვარებელ პრობლემათა ნუსხა გამოკვეთილია. პროექტის ფარგლებში სასმელი წყლის სათავე–ნაგებობების გაწმენდა, არხების დასუფთავება, ხიდის მშენებლობა, ბეტონის გზის დაგება და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულება მოხდება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის გარდა, დღევანდელ თათბირზე ხმაური გამოიწვია ხვნის ბარათების დარიგებისა და რწმუნებულების მიერ მოხნული ფართობების აღწერის საკითხებმაც. ადგილობრივი თვითმმართველობის წევრთა თქმით, ბარათების დარიგების ვადა ამოწურულია, თუმცა რიგ დასახლებებში მოსახლეობას ბარათები ისევ არ მიუღია. რწმუნებულებმა შენიშვნა დღეს იმის გამოც მიიღეს, რომ დამუშვებული ტერიტორიების შესახებ მონაცემები ქონების მართვის სამსახურში ყოველდღიურად არ ფიქსირდება.

დღევანდელ თათბირზე განცხადება საშეშე მერქნის შესახებაც გაკეთდა. ადგილობრივი თვითმმართველობის წევრთა თქმით, აუცილებელია რწმუნებულებმა შეშის მიღების მსურველთა სიები 1 მაისამდე დააზუსტონ, რადგან ზამთრისთვის საწვავით მომარაგებისას, ადგილობრივებს პრობლემა არ შეექმნათ.  გამგეობის წარმომადგენელთა განცხადებით, თუკი მოსახლე სიაში არ აღმოჩნდება, იგი შეშის მიღების შესაძლებლობას დაკარგავს, რის გამოც რწმუნებულის პირადი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე