ახალციხის რაიონულ სასამართლოში ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების განხილვა დასრულდა. დღეს პროკურორმა ვასილ ოსიძემ სასამართლოს ნივთმტკიცების სახით ამოღებული, მკვლელობის იარაღი წარუდგინა, რომელიც ადვოკატის შუამდგომლობით შეიარაღების სამმართველოდან იქნა გამოთხოვილი.
სხდომაზე დისტანციური წესით დაიკითხნენ ექსპერტები, რომლებმაც ახალციხეში ჩამოსვლა ვერ მოახერხეს. სასამართლოს ჩვენება მისცეს, გარდაცვლილების მეზობლებმა და ნათესავებმა. როგორც ერთ–ერთმა ნათესავმა განაცხადა, ბრალდებულმა ბებიისა და შვილიშვილის მიმართულებით ხუთამდე გასროლა განახორციელა. დარეჯან ბერიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ მკვლელობა შურისძიების მიზნით მოხდა, რადგან ბრალდებულს გარდაცვლილი ჩვილის დედა უყვარდა. მისივე თქმით, იმის გამო რომ საპასუხო გრძნობა ვერ მიიღო, გენადი იაკობაძე მას სამი წლის წინაც დაემუქრა.
მოწმეების დაკითხვის შემდეგ, ბრალდების მხარემ წერილობითი მტკიცებულებები წარმოადგინა. მათ შორის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკვის ოქმი, რაც დაცვის მხარემ უკანონოდ მიიჩნია. რამინ პაპიძე განმარტავს, რომ ჩხრეკისას ადგილზე ოჯახის წევრები არ იმყოფებოდნენ.
დღესვე გახდა ცნობილი, რომ პროკურორმა სხვა მოწმეებთან ერთად დასაკითხთა სიიდან ბარალდებულ გენადი იაკობაძის დებიც მოხსნა, თუმცა ისინი შემდეგ პროცესზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეებს შორის დაიკითხებიან.
შემდეგი პროცესი 27 მარტს 12:00 საათზე ჩაინიშნა.