”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

,,ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე მხარდამჭერები საკუთარი ხარჯით წავლენ

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართულ აქციას სამცხე–ჯავახეთიდან  2 000–მდე ადამიანი შეუერთდება.  მათი ნაწილი ,,ნაციონალური  მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ შედგენილ სიებში უკვე ჩაეწერა. აქციის შესახებ საკუთარი აზრი აქვთ სხვა ოპოზიციური პარტიის  წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას.

21 მარტს, ,,ერთიანი ნაციონალური მძრაობის“ მიერ გამართულ საპროტესტო აქციას ახალციხელი მხარდამჭერებიც შეუერთდებიან. პარტიის რაიონულ  ორგანიზაციაში ამბობენ, რომ  სამცხე–ჯავახეთიდან დედაქალაქში 2000–მდე ადამიანი წავა. მათივე ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობა ,,ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს თავად აკითხავს და წამსვლელთა სიაში რეგისტრირდება.

აქციას დაახლოებით 450 ადამიანი შეუერთდება ადიგენის მუნიციპალიტეტიდან. პარტიის ადგილობრივი ოფისის თავმჯდომარე, სიმონ პარუნაშვილი განმარტავს, რომ აქციაზე წასვლის მსურველთა რიცხვი უფრო მეტია, თუმცა მათ პრობლემას ის უქმნის, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა“ მხარდამჭერთა ტრანსპორტირებას არ უზრუნველყოფს და ყველა მსურველი საკუთარი ანდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით უნდა გაემგზავროს.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართული აქციის მთავრი მოთხოვნა მოქმედი ხელისუფლების გადადგომაა. პარტიის წევრთა თქმით, მთავრობა დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებს, ამიტომ საჭიროა პოსტი საკუთარი ნებით დატოვოს. კითხვაზე, რამდენად მშვიდობიანად ჩაივლის 21 მარტის საპროტესტო აქცია, პარტიის წევრები ამბობენ, რომ მათი მხრიდან   პროვოკაციას ადგილი არ ექნება.

21 მარტის აქციაზე საუბრობენ ახალციხეში მცხოვრები ადგილობრივები. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ აქციას კონკრეტული შედეგი არ ექნება და პროტესტის გამოსახატად მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წევრები მივლენ. ნაწილის აზრით კი აქცია მასშტაბურად წარიმართება,

იმ ფაქტს, რომ 21 მარტს ნაციონალური მოძრაობის მიერ გამართულ აქციაზე მოსახლეობის უმრავლესობა მივა, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის სამცხე–ჯავახეთის რეგიონული კოორდინატორიც ადასტურებს, თუმცა ჯიმშერ გოგოლაურის თქმით, მოსახლეობის მიზანი,  არა ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა, არამედ საკუთარი პროტესტის გამოხატვა იქნება, რომელიც მოქალქეებს მთავრობის შეუსრულებელი  დაპირებების გამო გაუჩნდათ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაანონსებული აქცია,  21 მარტს, თბილისში, საქართველოს მთავრობის გადაყენების მოთხოვნით გაიმართება. ახალციხიდან მხარდამჭერთა კოლონა 11 საათზე საბარგო სადგურის  მიმდებარე ტერიტორიიდან დაიძრება.  იმავე დღეს კი  თავად „ნაცმოძრაობის“  წინააღმდეგ დედაქალაქში კონტრაქციას კოალიცია “ერთსულოვნება” გამართავს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე