მოსახლეობა, რომელიც წლების განმავლობაში გზის რეაბილიტაციას ითხოვდა, დაგებული ასფალტით ისევ უკმაყოფილოა. ვარძიის ქუჩის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ გზის საფარი უხარისხოა და რამდენიმე თვეში ისევ ადრინდელ მდგომარეობას დაუბრუნდება.
ვარძიის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა ასფალტის ხარისხზე ჩივის. ქუჩის მკვიდრები ამბობენ, რომ შიდა საუბნო გზას რამდენიმე თვეა რაც რეაბილიტაცია ჩაუტარდა, თუმცა ასფალტი უკვე დაზიანებულია. მათი მტკიცებით, წვიმის მოსვლისთანავე გზის საფარი აიყრება და მოსახლეობას კვლავ ტალახში სიარული მოუწევს.
მოსახლეობა ამბობს, რომ ქუჩა სამჯერ გადათხარეს და სამჯერვე ახალი ასფალტი დააგეს, რადგან პირველივე ჯერზე გზის საფარი მალე დაზიანდა. მათი მტკიცებით, რეაბილიტირებული ქუჩა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა შეამოწმეს, თუმცა მათ მოსახლეობასთან განაცახდეს, რომ ასფალტი უხარისხო იყო და ხელახალ შეკეთებას საჭიროებდა.
ვარძიის ქუჩის მაცხოვრებლები უხარისხო საფარის გარდა, იმასაც ჩივიან, რომ მშენებარე კომპანიამ მათ სახლამდე მისასვლელი გზა არ მოუასფალტა. ადგილობრივების თქმით, გზის რეაბილიტაცია პროექტით იყო გათვალისწინებული, თუმცა მშენებლებმა მათ უარი უთხრეს.
ვარძიის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები შ.პ.ს „კენტავრი და კომპანიამ“ განახორციელა. ქუჩის მოასფალტება მას 93 000 ლარი დაუჯდა. კომპანიის დირექტორის ნუგზარ მაისურაძის თქმით, აღნიშნულ ქუჩაზე პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები სრულად შესრულდა. მისივე მტკიცებით, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შესრულებული სამუშაო შეამოწმა და სწორედ ამის შემდეგ ჩაიბარა.
ქალაქის მერიაში განმარტავენ, რომ ვარძიის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა და ხარისხიანად შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტიც არსებობს. ქალაქის თავის გიორგი კოპაძის თქმით, იმ შემთხევაში თუ მოსახლეობა ექსპერტიზის დასკვნას ეჭვქვეშ დააყენებს, ინფრასტრუქტურის სამსახური ხელახალ მოკვლევას აწარმოებს. ამ შემთხვევაში კი მშენებარე კომპანია ვალდებული იქნება ასფალტი ხელახლა დააგოს.
ვარძიის ქუჩის მაცხოვრებლები ახალციხის მერის სახელზე განცახდების დაწერას აპირებენ. ისინი ასფალტის საფარის ხელახალ შემოწმებას და სამუშაოების ხარისხიანად შესრულებას ითხოვენ.
შეგახსნებთ, რომ ვარძიის ქუჩაზე პრობლემა მას შემდეგ გაჩნდა, რაც სამშენებლო კომპანია „შინაშხარმა“ წყლის სისტემის რეაბილიტაცია განახორციელა. მოსახლეობას წლების განმავლობაში ტალახში სიარული უწევდა.