სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ახალციხეში წელსაც გრძელდება. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეში 650 000 ლარი დაიხარჯება. აღნიშნული თანხა სოფლებში მაცხოვრებელთა რაოდენობის მიხედვით განაწილდება. მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით, ამ ეტაპზე მოსახლეობასთან შეხვედრები და მათ მიერ დასახელებული პრობლემების შესწავლა მიმდინარეობს. ზაზა მელიქიძის თქმით, შემდეგი ეტაპი პრიორიტეტების შერჩევა და დაპროექტებაა.
საპროექტო სამუშაოებზე ტენდერს გამგეობა ახლო მომავალში გამოაცხადებს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა წელს განსხვავებული მექანიზმით განხორციელდება. ახალი რეგულაციების მიხედვით, მუნიციპალიტეტს შესაძლებლობა ექნება, პროექტების განხორციელების შემდეგ დარჩენილი თანხები გააერთიანოს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, მუნიციპალიტეტში დამატებითი პროექტის განხორციელებისთვის გამოიყენოს.