სამცხე–ჯავახეთს სოფლის მეურნეობის მინისტრი ესტუმრა. ოთარ დანელიამ რეგიონში რამდენიმე ობიექტი მოინახულა. უწყების პირველი პირი სასოფლო–სამეურნეო ტექნიკით, ლაბორატორიების მუშაობითა და კოოპერატივების ფუნქციონირებით დაინტერესდა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტი სამცხე–ჯავახეთში ახალციხიდან დაიწყო. ოთარ დანელიამ მექანიზაციის სერვის–ცენტრი დაათვალიერა. უწყების პირველი პირი ცენტრში არსებული ტექნიკითა და პირობებით დაინტერესდა. მექანიზაციის სერვის–ცენტრი საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტშია ჩართული და ტექნიკა ფერმერებს ემსახურება. მინისტრის თქმით, ამ დროისათვის ახალციხის მასშტაბით, 132 ჰექტარი მიწის ფართობი დამუშავდა. ოთარ დანელია განცხადებით, ამ მხრივ ახალციხეში პრობლემა არ შექმნილა
ახალციხეში მექანიზაციის ერთი სერვის–ცენტრში ფუნქციონირებს, სადაც 70–ერთეული ტექნიკაა მობილიზებული, აქედან 66 ტრაქტორი და 4 კომბაინი. სერვისცენტრის არეალს ბორჯომი, ახალციხე, ადიგენი, ასპინძა, ახალქალაქი და ნინოწმინდა წარმოადგენს.
ახალციხეში ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა ქალაქში არსებული სოფლის მეურნეობის ზონალურ დიაგნოსტიკური ლაბორატორია და სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახური მოინახულა. ოთარ დანელიას თქმით, ლაბორატორიამ საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა. აღნიშნულის დამადასტურებელი სერტიფიკატი მინისტრმა ხელმძღვანელობას თავად გადასცა.
ლაბორატორიამ საერთაშორისო აკრედიტაცია 2015 წლის იანვრის თვეში გაიარა.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ახალციხის შემდეგ ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში ჩავიდა. ოთარ დანელიამ საწარმოები და კოოოპერატივები დაათვალიერა და მათი მუშაობით დაინტერესდა.
უწყების პირველმა პირმა სამცხე–ჯავახეთში ვიზიტი ნინოწმინდაში დაასრულა, სადაც მან სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ცენტრი გახსნა და გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოები მოინახულა.