ადამიანის უფლებათა დამცველები ახალციხეში რეპატრიანტი ოჯახისათვის ბინადრობის უფლების მინიჭებას ითხოვენ.
ადამიანის უფლებათა სახლში, დღეს, ადამიანის უფლებათა სახლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია “ტოლერანტის” წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს, რომელსაც დაზარალებული იუნუს არიფოვი, მუსლიმ არიფოვი და ჯერიმ გაფუროვი დაესწრნენ.
უფლებადამცველებმა განაცხადეს, რომ იუნუს არიფოვი რვა წელია რაც საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობს, იგი აზერბაიჯანის მოქალაქეა. საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად მან აზერბაიჯანის სახელმწიფოს მოქალაქეობიდან გადმოსვლის შესახებ მიმართა, რაზეც გაურკვეველი მიზეზების გამო უარი მიიღო. მისი მამა მუსლიმ არიფოვი კი საქართველოს მოქალაქეა. მოქალაქეობის მიღების პრობლემები აქვს, ასევე, იუნუს არიფოვის დედას, დილარა არიფოვასაც.
მათ უფლებებს ადამიანის უფლებათა სახლის იურისტი ეკა ქობესაშვილი იცავს. როგორც ქობესაშვილმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნულ პირებს რეპატრიანტის სტატუსი მიანიჭა, შემდეგ პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე პირობა დადებული მოქალაქეობა მიიღეს. მისივე თქმით, პრეზიდენტის აღნიშნული ბრძანებულება ძალაში შევა მას შემდეგ, რაც იუნუს არიფოვი და დილარა არიფოვა აზერბაიჯანის მოქალაქეობას დატოვებენ.
“პრობლემა არის ის, რომ ამ ბრძანებულებას ორწლიანი ვადა აქვს, მათ მიმართეს აზერბაიჯანის მთავრობას მოქალაქეობის დატოვების გამო, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო ეს პროცესი ჭიანურდება. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებას კი მოქმედების ორწლიანი ვადა აქვს. აღნიშნული პირები ჰაერში რჩებიან, რადგან მათ აზერბაიჯანში ყველაფერი გაყიდეს და საქართველოს მთავრობის მოწოდების საფუძველზე საქართველოში წამოვიდნენ. იმედი ჰქონდათ გახდებოდნენ საქართველოს სრულფულებიანი მოქალაქეები”, – აღიშნა ეკა ქობესაშვილმა.
მისივე თქმით, იუნუს არიფოვმა მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს, რათა მიიღოს საქართველოში ბინადრობის უფლება, თუმცა 2015 წლის 11 თებერვლის გადაწვეტილებით ამ მოთხოვნაზე მას უარი ეთქვა.
“კონტრდაზვერვა ამ ადამიანის საქართველოში ცხოვრებას საშიშად მიიჩნევს. როცა საქართველოს მთავრობის მიერ მინიჭებული აქვს რეპატრიანტის სტატუსი, პრეზიდენტმა კი გასცა ბრძანებულება პირობა დადებული მოქალაქეობის მიღების შესახებ, გაურკვეველია რატომ არის ეს ადამიანი ქვეყნისთვის საშიში. ეს დაუსაბუთებელი და აუხსნელია. იძულებული არიან მიმართონ სასამართლოს, რათა სასამართლომ გასცეს ამ ადამაინებზე ბინადრობის ნებართვა”, – აღნიშნა ადამიანის უფლებათა სახლის იურისტმა ეკა ქობესაშვილმა.
მისივე თქმით, სასამართლოს დღეს სარჩელით მიმართავენ და მოითხოვენ, რომ იუსტიციის სამინისტროს სერვისების სააგენტომ გასცეს აღიშნულ პირებზე ბინადრობის ნებართვა. იურისტმა ასევე დასძინა, რომ ეს პირები ყველა კრიტერიუმით დააკმაყოფილებენ, რომ საქართველოში ჰქონდეთ ბინადრობის უფლება, რადგან რვა წელია ახალციხეში ცხოვრობენ და იქ საკუთარი სახლი აქვთ. მისივე თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლება მათ არ მიანიჭებს ბინადრობის უფლებას, ისინი იძულებულები გახდებიან დატოვონ საქართველოს ტერიტორია, რითაც ირღვევა ოჯახის ერთიანობა, რადგან მხოლოდ ერთი წევრია საქართველოს მოქალაქე.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია “ტოლერანტის” თავმჯდომარის ცირა მესხიშვილის ინფორმაციით, საქართველოში მცხოვრებ 140 რეპატრირებულ მესხს ბინადრობის პრობლემები აქვს, 52 მათგანი კი სამცხე-ჯავახეთში ცხოვრობს.
წყარო: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/320581-akhalcikheshi-repatrianti-ojakhisthvis-binadrobis-uflebis-minitcebas-ithkhoven.html
You must be logged in to post a comment.