კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხის მუნიციპალიტეტში . სვირი–ტატანისის გზაზე დღეს სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა. მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა დასახელდა. შემთხვევის გამო დაზარალებულები არ არიან. დღევანდელისგან განსხვავებით, მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია ორი კვირის წინ აგარა–გომის მონაკვეთზე მომხდარ ავტოავარიას, რა დროსაც 3 ახალციხელი გარდაიცვალა.
სვირი–ტატანისის გზაზე, სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა, რომელიც სოფლიდან ახალციხის მიმართულებით გადაადგილდებოდა. ამბობენ, რომ ტრანსპორტს ტექნიკური პრობლემები შეექმნა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. აღნიშნულისგან განსხვავებით მსხევრპლით დასრულდა, რამდენიმე კვირის წინ აგარა–გომის მონაკვეთზე მომხდარი ავტოავარია. შემთხვევის დროს ახალციხის სამი მკვიდრი დაიღუპა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი. გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი ავტოავარიის გამომწვევ მიზეზებზე ვერ საუბრობს,თუმცა მიაჩნია, რომ მსგავსი შემთხვევების ასაცილებლად, ტექნიკური დათვალიერება მუდმივად უნდა ხდებოდეს.
რანსპორტისათვის ტექდათვალიერების აუცილებლობაზე საუბრობენ, სამგზავრო მიკროავტობუსების მძღოლებიც. მათ ნაწილს ტრანსპორტზე აღნიშნული პროცედურები უკვე ჩატარებული აქვს. ამბობენ, რომ მგზავრების უსაფრთხოდ გადაყვანისათვის მზად არიან. მძღოლების ნაწილს კი ტექდათვალიერება არ გაუვლია, თუმცა ირწმუნებიან, რომ მათი ტრანსპორტი გამართულად მუშაობს.
ახალციხეს ორი ავტოსადგური და 35 სამარშუტო ტაქსი ემსახურება. შპს „ჯეოტივისა“ და შპს „პროფესიონალის“ ხელმძღვანელები ამბობენ, რომ მათი ტრანპორტი ტექნიკურად გამართულია და ისინი მგზავრების უსაფრთხოდ გადაადგილებას უზრუნველყოფენ.
შპს “ჯეოტივისა“ და შპს „პროფესიონალის“ დირექტორები ირწმუნებიან, რომ სამარშუტო ტაქსების მდგომარეობას ისინი მუდმივად აკონტროლებენ. მათივე განმარტებით, მძღოლების მოვალეობაა ტრანსპორტს, პერიოდულად და საჭიროების შემთხვევაში პროფილაქტიკური სამუშაოები ჩაუტარდეს. როგორც შპს ხელმძღვანელები განმარტავენ, ტრანსპორტისათვის ტექდათვალიერება ექვს თვეში ერთხელ ხდება. პროცესს საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.