საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2015 წლის 1 ეტაპზე დაგეგმილი პროექტების ფარგლებში, ქუთაისი–ბაღდათი–აბასთუმანი–ბენარის საავტომობილო გზის 4,5კმ–იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვაჟა ფანჩულიძემ განახორციელეს.
ამ დროისთვის, ქუთაისი–ბენარის საავტომობილო გზაზე, არსებული სარწყავი არხების გაწმენდა, მილების, კიუვეტების და ავტოპავილიონების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 4,5 კმ–იან მონაკვეთზე დაგეგმილია გზის საფარის განახლება, გაბიონის საყრდენი კედლების მოწყობა, მიერთებების, ეზოებში შესასვლელების, ასევე საგზაო ნიშნებისა და მონიშვნის სამუშაოები. სამუშაოებზე 50–მდე ადამიანია დასაქმებული.
სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 მილიონ 500 ათას ლარს შეადგენს. ქუთაისი–ბაღდათი–აბასთუმანი–ბენარის საავტომობილო გზის 4.5 მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.
პროექტის განხორციელების შემდეგ, 4 სოფლის მოსახლეობას აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტით მიმიმოსვლა მნიშვნელოვნად გაუადვილდება.
You must be logged in to post a comment.