3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება. ეს დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით ოფიციალურად დასვენების დღედ არის გამოცხადებული. 3 მარტთან დაკავშირებით, ახალციხელები ცდილობენ დედებსა და ქალბატონებს სიმბოლურად ყავილები მიართვან. დღესვე ადგილობრივი თვითმმართველობისგან საჩუქარი მიიღეს მელოგინე დედებმაც.
3 მარტს ანუ დედის დღეს ახალციხელთა უმრავლესობა დედებსა და ქალბატონებს ყვავილების თაიგულს ჩუქნის. ამბობენ, რომ დღესასწაული გაზაფხულის მოსვლასთანაც ასოცირდება, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი საჩუქარი დედისთვის სწორედ ყავილებია. სპეციალურად ქალბატონების დღესასწაულისათვის ახალციხის ქუჩებში ყავილების ე.წ დახლებიც გაჩნდა. დედებისათვის საჩუქარს ყველა ასაკის მყიდველი ჰყავს.
დედის დღესთან დაკავშრებით, საჩუქარი მიიღეს მელოგინე დედებმა. ,,უნიმედი სამცხესა“ და კლინიკა ,,იმედის“ სამშობიარო განყოფილებაში მყოფი დედები და მათი ჩვილები ახალციხის მუნციპალიტეტის გამგეობისა და მერიის წარმომადგენლებმა მოინახულეს და დღესასწაული მიულოცეს. ქალაქის მასშტაბით 3, ხოლო ახალციხის მუნიციპალიტეტიდან 2 მელოგინე დედა ბავშის ჰიგიენური საშუალებებითა და ყვავილებით დასაჩუქრდნენ.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სასაჩუქრე პაკეტის ღირებულება 65 ლარით განისაზღვრა, მასში ბავშვის მოვლის ჰიგიენური საშუალებების ნაკრები და ყვავილები შედიოდა, მერიის წარმოამდგენლებმა კი ახალციხეში მცხოვრებ მშობიარე დედებს ჰიგიენურ საშუალებებთან ერთად სუნამოებიც გადასცეს, თითოეული პაკეტისათვის 93 ლარი გამოიყო. გარდა ამისა, მერიის ინიციატივით, 3 მარტს დაბადებული ჩვილისათვის 150 ლარის სახით ბიუჯეტიდან ერთჯერადი თანხა გაიცემა. დღესვე ადიგენის, ასპინძისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებიდან ჩამოულ მშობიარე დედებს საჩუქარი თავად კლინიკა ,,იმედმაც“ გაუკეთა.
3 მარტის, როგორც დედის დღის აღნიშვნა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დროს დაწესდა. აღნიშნული გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა. მას შემდეგ ქვეყნის მასშტაბით, 3 მარტი ოფიციალურად დასვენების დღედაა გამოცხადებული.