„გენდერული თანასწორობა და ქალთა პოლიტიკური გაძლიერება“ – სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩატარდა. ამასთანავე, მოეწყო ქალი პოლიტიკოსების დისკუსია. საჯარო ლექციას ჟურნალისტები, გენდერის ექსპერტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები გაუძღვნენ.
მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხები უშუალოდ პოლიტიკოსებისაგან მიეღოთ. უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას სტუდენტებთან ერთად ერთადერთი მამაკაცი პოლიტიკოსიც დაესწრო. „ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის“ რეგიონული კოორდინატორის თქმით, პოლიტიკაში ქალთა რაოდენობა უნდა გაიზარდოს.
უნივერსიტეტის შემდეგ ორგანიზაციის შეხვედრა გაზეთ „სამხრეთის კარიბჭე“- ს ოფისში გაგრძელდა, სადაც ახალციხის გენდერის მედიაცენტრია განთავსებული. ამჯერად, ქალი პოლიტიკოსები ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გაესაუბრნენ. შეხვედრის მიზანს, გენდერული თანასწორობისა და ქალთა პოლიტიკურად გაძლიერების მექანიზმების შესახებ, არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირება წარმოადგენდა.
შეხვედრები ახალციხეში პროექტის „ერთად გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც ორგანიზაციამ „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მხარდაჭერით განახორციელა.
შეხვედრას ორგანიზება ახალციხის გენდერის მედიაცენტრმა გაუწია.