ახალციხის მუნიციპალიტეტში სასოფლო სამეურნეო ბარათების დარიგება მიმდინარეობს. გასული წლებისგან განსხვავებით, „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში ფერმერები დახმარებას შეცვლილი ფორმით იღებენ. ბენეფიციარები, რომლებსაც 0.25 დან 1.25 ჰექტარის ჩათვლით სახნავი მიწის ფართობი აქვთ, მხოლოდ ხვნის ბარათს იღებენ, 1 ჰექტარზე 140 ლარის გაანგარიშებით. ხოლო ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში აქვთ 0.25 ჰექტრამდე მიწის ფართობი წელს 50 ლარიანი აგრო ბარათით ისარგებლებენ. აღნიშნული სიახლის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს სოფლის მოსახლეობის ნაწილი. ზოგიერთების კი მიაჩნიათ რომ ხელისუფლება ფერმერებს საკამრისად ეხმარება.
ხელისუფლებამ ბარათების დასარიგებლად შესაბამის სამსახურებს 5 დღიანი ვადა მისცა. ახალციხის მუნიციპალიტეტში მიცემულ ვადა საკმარისი არ აღმოჩნდა, თუმცა, აცახდებენ, რომ სასოფლო-სამეურნეო ბარათი მუნიციპალიტეტის მასშტაბით ნახევარზე მეტმა ბენეფიციარმა უკვე მიიღო. გამგეობის გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა განყოფილების უფროსის განმარტებით, ზოგიერთ ტერიტორიულ ორგანოს რწმუნებული არ ჰყავს, ამიტომ ასეთ სოფლებში ბარათების დარიგება მეზობელი თემის წარმომადგენლებს მოუწიათ. რამინ მარტინენკო ირწმუნება, რომ 1 მარტამდე მუნიციპალიტეტის მასშტაბით ბარათს ყველა ბენეფიციარი მიიღებს.
იმ ბენეფიციარებს, რომლებიც აგრო ბარათს მიიღებენ მომსახურებას წელსაც ,,ლიბერთი ბანკი“ გაუწევს. პლასტიკური ბარათით ფერმერს შესაძლებლობა ექნება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონელი ნაწილ–ნაწილ, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მომწოდებლისგან მიიღოს. იმ შემთხვევაში თუ ფერმერს ხვნის ბარათის აგრო ბარათში გადაცვლა სურს, მან სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს 15 ნოემბრამდე უნდა მიმართოს. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო ბარათების გამოყენება ფერმერებს მიმდინარე წლის 1 დეკემბრამდე შეეძლებათ.
ახალციხის მუნიციპალიტეტში ხვნის პროცესი 1 მარტიდან დაიწყება. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ სამმართველოში განმარტავენ, უკვე გაწერილია გრაფიკი, რომლის მიხედვითაც, შპს „მექანიზატორის“ ტექნიკა შესაბამის სოფლებს მოემსახურება.
„2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით“ წელს საქართველოს მასშტაბით, 800,000-მდე მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს.