ასპინძის ქუჩის 28–ე კორპუსის საქმეზე ახალციხის რაიონულ სასამართლოში სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ინჟინერ–ექსპერტი დაიკითხა. ოქროპირ ჩხიკვაძემ სასამართლოს 2014 წლის 14 მარტს სახურავზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინა. ექსპერტის განმარტებით, აზომვითი სამუშაოები ჩაუტარდა რეაბილიტაციის დროს გამოყენებულ მასალას, რომლის მეშვეობითაც მისი მოცულობა და ღირებულება დადგინდა. საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დახარჯულსა ტენდერით გათვალისწინებულ თანხას შორის სხვაობა 13 801 ლარია.
დაცვის მხარე ირწმუნება, რომ წარმოდგენილი დასკვნა ყალბია, ან სრულყოფილი არ არის, რადგან სახურავის შესასწავლად გამოძიებამ ექსპერტს სრული დოკუმენტაცია არ გადასცა. ამასთანავე, კერძო ექსპერტის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა არ ემთხვევა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნას.
დაკითხვის დროს ექსპერტმა ასევე განაცხადა, რომ ექსპერტიზის ჩატარებისას, სახურავზე ხილვადობა იყო და დამატებით გასანათებელი მოწყობილობები არ დასჭირვებია, რაც მოგვიანებით გადათქვა და აღნიშნა, რომ შესაძლოა ფანარი ან მობილური ტელეფონი გამოიყენა და ზუსტად არ ახსოვს.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილ თანამშრომლებს გიორგი ქასრაშვილსა და რევაზ მერაბიშვილს ბრალად სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, სამსახურეობრივი სიყალბე და დიდი ოდენობით თანხების მითვისება ედებათ.
რევაზ მერაბიშვილისა და გიორგი ქასრაშვილის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე შემდეგი სასამართლო განხილვა 6 მარტს გაიმართება.