ყარათუბანში სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულსა და ადიგენის საჯარო რეესტრის ყოფილ უფროსს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. სასამართლო სხდომებზე მისი დასწრება და საგამოძიებო პროცესებში მონაწილეობა შეუძლებელია-ამის შესახებ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დასკვაში წერია, რომელიც დავით კუბლაშვილის ადვოკატებმა მოსამართლეს წარუდგინეს.
დასკვნაში განმარტებულია, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებული აცნობიერებდა რასაც აკეთებდა, თუმცა მისი ფსიქიკური მდგომარეობა დაკავების შემდეგ გაუარესდა.
ადვოკატების თქმით, დავით კუბლაშვილი წაყენებულ ბრალს აღიარებს.
ახალციხის რაიონულ სასამართლოში სამი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე, დაცვისა და ბრალდების მხარემ მტკიცებულებები წარადგინა, რომლებიც მოსამართლემ საქმის არსებითი განხილვის დროს დასაშვებად ცნო.
ისევე როგორც წინა სხდომაზე დავით კუბლაშვილი პროცესს არც ამჯერად დაესწრო.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი, ექსპერტიზის დასკვნას დაეთანხმა, რაც გულისხმობს იმას, რომ ბრალდებული სასამართლო განაჩენის შემდეგ, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იმკურნალებს. სამხარაულის საექსპერტო დასკვნა დაზარალებულმა მხარემ საეჭვოდ მიიჩნია და გააპროტესტა.
გარდაცვლილების ახლობლები ამბობენ, რომ კუბლაშვილი მათ ოჯახებს, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდანაც ემუქრება. დაზარალებულმა მხრემ მედიასთან კომენტარი, ყარათუბანში კუბლაშვილის სახოვრებელი სახლის თაობაზეც გააკეთეს. ისინი ამბობენ, რომ შენობა არ უნდა გაიყიდოს, როგორც ამას ოჯახის წევრები აპირებენ და უპატრონო ბავშვთა სახლს უნდა გადეცეს.
ადიგენში სამი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე, შემდეგი სასამართლო პროცესი 4 მარტს 15:00 საათზე ჩაინიშნა, სადაც საქმის არსებითი განხილვა დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ადიგენში მკვლელობა გასულ წელს მარიამობის ღამეს მოხდა, ადიგენის საჯარო რეესტრის ყოფილმა უფროსმა ცეცხლსასროლი იარაღით სამი ახალგაზრდა მოკლა, ერთი კი დაჭრა.
საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16-და 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.