ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათუბნელი სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის დავით კუბლაშვილის სასამართლო პროცესზე, ახალციხის რაიონულ სასამართლოში ისევ ხალხმრავლობაა. სხდომაზე დასასწრებად, გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახის წევრებთან ერთად ყარათუბნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ისევ შეიკრიბა.
“მეცხრე არხის” კორესპონდენტის ინფორმაციით, სასამართლო პროცესი ამ წუთებში დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ დავით კუბლაშვილის სასამართლო სხდომა გუშინ, 23 თებერვალს გადაიდო, რადგან პროცესზე ბრალდებული არ გამოცხადდა. მოსამართლის ინფორმაციით, მას ჰიპერტონიული კრიზი დაუდგინდა. გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახის წევრებმა და თანასოფლელებმა სასამართლოსთან სხდომის გადადება გააპროტესტეს.
ადგენის საჯარო რეესტრის ყოფილი უფროსის დავით კუბლაშვილი სამი ახალგაზრდის – ვაჟა ნარიმანიშვილის, გიორგი სირბილაძისა და ბორის სირბილაძის მკვლელობაშია ბრალდებული.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.
You must be logged in to post a comment.