ახალციხის მერიის იურიდიულ საკითხთა კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, შალვა გოგოლაძის საქმეზე, რაიონულ სასამართლოში განხილვა გაიმართა. პროცესზე მოსარჩელე მხარემ შემდეგი მოთხოვნები წამოაყენა: 2014 წლის 21 ნოემბრის განკარგულების ბათილად ცნობა, გოგოლაძის აღდგენა თანამდებობაზე და მორალური ზიანის ანაზღაურება 3 000 ლარის ოდენობით.
მოსარჩელეთა განმარტებით, გოგოლაძის თანამდებობიდან გათავისუფლება პოლიტიკურად მოტივირებულია, რადგან იგი “თავისუფალი დემოკრატების” პარტიაში ირიცხება. გარდა ამისა, მხარე მიიჩნევს, რომ 21 ნოემბერს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ რიგგარეშე სხდომის მოწვევა არ იყო კანონიერი, სადაც შემდეგში გოგოლაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას კენჭი ეყარა. მოსარჩელეთა მხარე ამტკიცებს, რომ მოხდა გოგოლაძის დისკრიმინაცია მისი პოლიტიკური მიმართულების გამო, რადგან მას მუშაობის პერიოდში არცერთი გაფრთხილება არ მიუღია.
მოპასუხე მხარეს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა მთავარი სპეციალისტი წარმოადგენდა. თინათინ დიაკონაშვილმა სასამართლოს სხდომაზე საკრებულოს უფლებებზე ისაუბრა. რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით, მან განაცხადა, რომ საკრებულოს წევრებს მოწვევის უფლება–მოსილება გააჩნიათ. ამასთანავე აღნიშნა, რომ სხდომის დანიშვნა დასაბუთებული იყო. დიაკონაშვილის თქმით, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა, თანამდებობაზე გოგოლაძის აღდგენასთან დაკავშირებით, მიუღებელია, რადგან აღნიშნული პოსტი ამ დროისთვის უკვე დაკავებულია.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით დაიკითხნენ საკრებულოს დეპუტატები “ნაციონალური მოძრაობიდან” მალხაზ გიქოშვილი და ზურაბ სადათიერაშვილი, “ბურჯანაძე–დემოკრატიული მოძრაობიდან” ჯიმშერ გოგოლაური. მეოთხე მოწმე იურიდიულ საკითხთა კომისიის ახლანდელი თავმჯდომარე გელა პეტაშვილი პროცესზე არ გამოცხადდა. მოწმეებმა ერთხმად დაადასტურეს, რომ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა გოგოლაძის გათავისუფლების მიზეზად, თავისუფალი დემოკრატების” ოპოზიციაში გადასვლა დაასახელეს, თუმცა სხდომის ოქმში აღნიშნული განმარტება შეტანილი არ არის. “ეს იყო წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება “ოცნების” მხრიდან” – განაცხადა მალხაზ გიქოშვილმა დაკითხვისას.
სხდომას ახალციხის რაიონულ სასამართლოში “თავსუფალი დემოკრატების” ლიდერიც დაესწრო. ირაკლი ალასანიას თქმით, მათი პარტიის წევრის მიმართ აღნიშნული შემთხვევა პოლიტიკური დისკრიმინაციის ნათელი მაგალითია.
შალვა გოგოლაძის საქმეზე მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილებას მხარეები 2 მარტს 12:00 საათზე მოისმენენ.