ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგით მეოთხე სხდომა გაიმართა. პირველ საკითხად დეპუტატებმა ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები განიხილეს.
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის განმარტებით, გამგეობის საკონკურსო პირობები სტანდარტულია. ილია ზარდიაშვილის თქმით, კანდიდატს იმ 5 ძირითადი კანონმდებლობის ცოდნა მოეთხოვება, რომელიც მოხელისთვის უფლება-მოსილების განხორციელებისას აუცილებელია.მათ ასევე მოეთხოვებათ ქართულ ენაზე გამართულად წერა-კითხვის უნარი, კომპიუტერული უნარ-ჩვევები და სხვა. კონკურსი 31 ვაკანტურ პოზიციაზე უახლოეს დღეებში გამოცხადდება. ორ პოზიციაზე ვაკანსიას საკრებულო აცხადებს, ხოლო 29-ზე – გამგეობა. აქედან, 6 შტატი ახალია.
სხდომაზე დეპუტატებმა ასევე დაამტკიცეს სოციალური დახმარების გაცემის ახალი წესი. ცვლილების თანახმად, სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევების ერთჯერადი დაფინასებისას 70 %-ის ნაცვალად, გამგეობა სოციალურად დაუცველ მოქალაქეს, ამჯერად 100%-ით დააფინანსებს. გამოკვლევების თანხა 500 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. ისინი ვინც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში ვერ მოხვდნენ, თემის ბიუჯეტიდან 50 პროცენტით დაფინასდებიან. ამ შემთხვევაში გამოკვლევების მაქსიმალური ღირებულება 300 ლარია. ასევე, ცვლილება შეეხო ჰომოდიალეზიან ბენეფიციარებთან დაკავშირებულ საკთხსაც, რომლის თანახმადაც, მათ სააღდგომოდ და საახალწლოდ 75 ლარის ნაცვლად, 150-150 ლარი ჩაერიცხებათ. გარდა ამისა, გამგეობა დააფინანსებს 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლ ბავშვებსაც.
საკრებულოს სხდომაზე ხმაური გამოიწვია საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცებამ. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განმარტებით, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის შემადგენლობაში ისეთი მოვალეობები შეიტანეს, რომელიც შექმნილი კომისიებიდან არცერთის კომპეტენციაში არ შედის. მაკა სუდაძემ ცალკეული კომისიების ჩამოყალიბების ინიციატივა წამოაყენა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მეოთხე სხდომაზე დეპუტატებმა 5 საკითხი განიხილეს. წარმომადგელობითი ორგანოს 30 წევრიდან სხდომას 26 მათგანი დაესწრო.