ადვოკატმა ნუგზარ სამარჯიშვილმა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით, მედიასთან განცხადება გააკეთა. ადვოკატის თქმით, საპატრულო პოლიციამ ყოფილი პოლიტპატიმარი ზურაბ ხუციშვილი 12 თებერვალს, ღამით უკანონოდ დააკავა.
სამარჯიშვილის თქმით, ასევე, უკანონოდ გააჩერეს ავტომობილი, ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე, რომლის მგზავრიც ხუციშვილი იყო. მისივე მტკიცებით, ალკოტესტის ჩატარება პოლიციის თანამშრომლებმა მძღოლის გარდა, ზურაბ ხუციშვილსაც მოსთხოვეს, რისი უფლებაც მათ არ ჰქონდათ. ხუციშვილმა შემოწმებაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც სამართალდამცველებს ალკოტესტის ჩატარება მისთვის აღარ დაუძალებიათ.
როგორც სამარჯიშვილი ირწმუნება, მოგვიანებით საქმეში, სამცხე-ჯავახთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, დავით მაღრაძე ჩაერთო. ზურაბ ხუციშვილმა მას განუმარტა, რომ თანამშრომლებმა ავტომობილი უკანონოდ გააჩერეს, რის გამოც მათ ბოდიში უნდა მოეხადათ. ადვოკატის თქმით, მაღრაძე ხუციშვილის საუბარმა გააღიზიანა, რის შედეგადაც იგი დააკავეს.
სამარჯიშვილის თქმით, შესაბამისი ოქმების შედგენა, ზურაბ ხუციშვილის დაკავების შემდეგ მოხდა. გარდა ამისა, ხუციშვილს თხოვნაზე – მისი უფლებები ადვოკატს დაუყონებლივ დაეცვა, სამართალდამცველებმა უარი განუცხადეს.
ზურაბ ხუციშვილის დაკავების ფაქტზე სასამართლო 12 თებერვალს გაიმართა. ახალციხის რაიონულ სასამართლოში მტკიცებულების სახით, საპატრულო პოლიციამ ვიდეო-კადრები წარადგინა. მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173–ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე, ზურაბ ხუციშვილის მიმართ საქმის წარმოება, სამართალდარღვევის არ არსებობის გამო, შეწყვიტა.
სამარჯიშვილის მტკიცებით, სიტუაცია მისი დაკავების იდენტურია, რა დროსაც საპატრულო პოლიციის უფროსის ყოფილმა მოადგილემ მერაბ წურწუმიამ უფლებამოსილებას გადააჭარბა და მისი დაკავების ბრძანება გასცა.
ნუგზარ სამარჯიშვილის თქმით, სამი პიროვნება, სამცხე-ჯავახეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი ზაალ ფუტკარაძე, მისი მოადგილე დავით მაღრაძე და ყოფილი მოადგილე მერაბ წურწუმია, სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობის დაშინების მიზნით გადმოიყვანეს.
„რომ არა სასამართლო და მისი სამართლიანობა, წარმოიდგინეთ, რამდენი უკანონო პატიმრობა გვექნებოდა“ – აღნიშნავს სამარჯიშვილი.
ადვოკატი ვიდეო-მასალის შინაგან საქმეთა მისტრისთვის გადაცემას გეგმავს. გარდა ამისა, იგი აღნიშნულზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, მთავარ პროკურატურას უახლოეს დღეებში მიმართავს.