”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ქალაქ ახალციხის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციამ მხარი არცერთ საკითხს დაუჭირა

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განსახილველად გატანილ საკითხებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს.  სხვადასხვა სფეროში შესული ცვლილებები  “ნაციონალური მოძრაობისა” და “ბურჯანაძე–დემოკრატიული მოძრაობის” დეპუტატებისთვის მისაღები არ აღმოჩნდა.

ჯიმშერ გოგოლაურმა სხდომაზე მერიაში თანამდებობრივი სარგოების გაზრდა გააპროტესტა. “დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენლის თქმით, თანამშრომელთათვის ხელფასების მომატების ნაცვლად, მათ ქალაქში არსებული პრობლემების მოგვარებაზე უნდა იზრუნონ.

საკრებულოს სხდომაზე გატანილი ერთ–ერთი საკითხი სოციალურ სფეროს შეეხო. ცვლილების თანახმად, გეგმიური და გადაუდებელი ოპერაციების დაფინასებისას, პლასტიკური ოპერაციების დაფინანსების საკითხი ამოღებულია. ამ შემთხვევაში მერიის მიერ შესაბამისი თანხა გაიცემა იმ მოქალაქეებზე, რომელთაც, პლასტიკური ოპერაცია აუცილებლობიდან გამომდინარე ესაჭიროებათ და არა ესთეტიურობის გამო.

გარდა ამისა, ცვლილების თანახმად ონკოლოგიურ ავადმყოფებს 2 000 ლარიანი პაკეტის ფარგლებში მედიკამენტებით სარგებლობა შეეძლებათ.

ცვლილება შეეხო სოციალურად დაუცველებისა და დევნილებისათვის დახმარების გაცემის წესსაც, რომლის თანახმადაც, ოჯახებს საახალწლოდ და სააღდგომოდ მერიისგან 50 ლარი გადაეცემათ.

სხდომაზე საკრებულოს წევრებმა 5 საკითხი განიხილეს. საკრებულოს პირველი პირებისგან დეპუტატებმა ცვლილებებთან დაკავშირებით შესაბამისი განმარტებები მოისმინეს.

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მესამე სხდომას 15 დეპუტატიდან 13 მათგანი დაესწრო.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე