საქართველოს რეგიონების დაახლოებით 1900 სოფელში ინტერნეტიზაციის პროცესი იწყება. ამ მიმართულებით, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მუშაობა უცხოური გამოცდილების გაზიარებით დაიწყო. დასახლებულ პუნქტებში ინტერნეტის გავრცელების ვალდებულება საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით ეკისრება. როგორც მედიასთან კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავჯდომარე განმარტავს, ინტერნეტით უზრუნველყოფის პირველი ეტაპი 3-4 წელიწადში დასრულდება.
აქვს თუ არა სოფლად მაცხოვრებელ მოსახლეობას ინტერნეტის საჭიროება და რას ფიქრობენ ადგილობრივები კომუნიკაციის თანამედროვე საშუალების შესახებ, ამის გასარკვევად მე-9 არხი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვლისს ესტუმრა. დასახლებაში დაახლოებით 700 ოჯახი ცხოვრობს, მათი ნაწილი ეთნიკურად სომეხი, ნაწილი კი ქართველია. რისთვის გამოიყენებენ ინტერნეტს, ამაზე აქ მაცხოვრებელთა უმრამლესობა ჯერ ვერ საუბრობს, თუმცა ამბობენ, რომ 21-ე საუკუნეა და კომპიუტერი და ინტერნეტი სახლში აუცილებლობას წარმოადგენს.
სოფელ სხვილისში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა ამბობს, რომ ინტერნეტი მათ ყველაზე ხშირად უცხეთში მყოფ ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ურთიერთობისათვის სჭირდებათ. იმის გამო, რომ მაღალი ხარისხის ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურება სოფელში არ არსებობს, სხვადასხვა საჭიროებისათვის სხვილისელთა ნაწილი დაბალი სიჩქარის ინტერნეტს იყენებს.
ადგილობრივთა იმ კატეგორიას, რომლისთვისაც ინტერნეტი არც აუცილებლობასა და არც საჭიროებას წარმოადგენს, ძირითადად ხანშიშესული მაცხოვრებლები წარმოადგენენ.მათი თქმით, სოფლის მოსახლეობას ინტერნეტისა და კომპიუტერისათვის დრო არ აქვს, რადგან მათი სამუშაო დღე სამეურნეო საქმიანობით დატვირთულია.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 2020 წლისათვის ქვეყნის ყველა დასახლებული პუნქტი, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 200 ადამიანს შეადგენს ფართოზოლოვანი, სწრაფი ინტერნეტით დაიფარება. ამ დროისთვის გაეროს ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგების სპეციალიზებული სააგენტოს, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის გამოთვლებით, პერსონალური ინტერნეტთან წვდომის მხრივ რეგიონში პირველ ადგილზე 54%-ით აზერბაიჯანი, 39%-ით სომხეთი, ხოლო 37%-ით ბოლო ადგილზე საქართველოა.