ადიგენის მუნიციპალიტეტში სტიქიის შდეგად მიყენებული ინფრასტრუქტურული ზარალის ანაზღაურება დაიწყო. აღნიშნულისთვის ცენტრალურმა ხელისუფლებამ მუნიციპალიტეტს 35 000 ლარი გადაურიცხა. ადიგენის გამგებლის განმარტებით, ტენდერში გამარჯვებული შპს „ტყუპები 2013“ საჭირო მასალას უახლოეს დღეებში მოიმარაგებს, რის შემდეგაც დაზიანებული შენობა–ნაგებობების რეაბილიტაცია დაიწყება. ზაქარია ენდელაძის თქმით, ცენტრალურ უწყებებში გადაგზავნილია ზარალის ოდენობა სოფლის მეურნეობის კუთხითაც.
შეგახსენებთ, რომ სტიქია ადიგენში 2014 წლის 14 სექტემბერს დაფიქსირდა. ძლიერმა ქარმა და სეტყვამ ადიგენის მუნციპალიტეტის 9 სოფელი დააზარალა.ნახევარსაათიანი გადაუღებელი ნალექის შედეგად, ხეხილის ბაღები, ვენახი, ბოსტნეული და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები განადგურდა. დაზიანდა სოფლამდე მისასვლელი გზები, ხიდები და საცხოვრებელი სახლები.
სტიქიისაგან მიყენებულმა ზარალმა ადიგენში 1 091 000 ლარზე მეტი შეადგინა. აქედან, სოფლის მეურნეობის კუთხით ზარალი მილიონ 57ათას ლარზე მეტია, ხოლო ინფრასტრუქტურის მხრივ – 35 ათას 740 ლარამდე.