დაპრების მიუხედავად, ახალციხეში მცხოვრებმა დევნილებმა, საცხოვრებელი ფართი წინა საახალწლოდ ვერ მიიღეს. ამ დროისათვის, რუსთაველის ქუჩის #113-ში მდებარე შენობის მხოლოდ ერთი კორპუსის რეაილიტაციაა დასრულებული, მეორე კორპუსში კი სამუშაოები ისევ მიმდინარეობს. ყოფილი სკოლა – ინტერნატის შენობის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული, სამშენებლო კომპანია „სენი“ ახორცილებს.
როგორც მისი წარმომადგენელი, ბეჟან აბულაძე ,,მე–9 არხთან“ განმარტავს, შენობაში სამუშოები 25 იანვარს დასრულდება, რის შემდეგაც კომპანია მას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ჩააბარებს. მისივე განმარტებით, ამის შემდეგ უწყება შენობაში ბუნებრივი აირისა და წყლის შეყვანაზე იზრუნებს. საბოლოოდ, როდის გადაეცემათ იძულებით გადაადგილებულ პირებს საცხოვრებელი ფართი, ბეჟან აბულაძე ვერ აკონკრეტებს. რუსთაველის ქუჩის #113-ში მდებარე შენობის რეაბილიტაცია აპრილის თვეში დაიწყო. ახალციხეში მცხოვრებ 66 ოჯახს ბინა ოქტომბრის თვეში უნდა მიეღო.