”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში, უფასო სასადილოს ბენეფიციარები საკვების გარეშე დარჩნენ

ახალციხის უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარები ძველით ახალ წელს საკვების გარეშე შეხვდებიან. წარუმატებელი ტენდერის გამო, 170–მდე უპოვარს ახალი წლის დადგომის შემდეგ უფასო სადილით არ უსარგებლია. ამბობენ, რომ ბოლოს აქ პური 31 დეკემბერს აიღეს, მას შემდეგ კი დაწესებულებას ყოველ დღე აკითხავენ, იმ იმედით, რომ საკვები დახვდებათ.

მზრუნველობამოკლებულთა სასადილოს ბენეფიციარები ამბობენ, რომ უფასო საკვებით ისინი წლების განმავლობაში ყოველდღიურად სარგებლობდნენ. გარდა ამისა, მათ საკვები სახლში ავადმყოფი ოჯახის წევრებისათვისაც მიჰქონდათ. გასული დღეების განმავლობაში, კი მხოლოდ პურის საყიდლად უკანასკნელი თეთრი გაიღეს.

ქალაქ ახალციხის მუნიციპლიტეტთან არსებული მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოს ყოფილი დირექტორი განმარატვს, რომ დაწესბულება 3 იანვარს დაიხურა, რადგან ტენდერში გამარჯვებული ფირმის წარმომადგენელი არ გამოცხადდა. ცისანა შავაძის თქმით, ამ დრომდე იგი დაწესებულებას ხელმძღვანელობდა, რადგან ტენდერებში გამარჯვებული თავადვე  იყო, ბოლოს გამოცხადებული შესყიდვების პროცესი კი მას მხედველობიდან გამორჩა და მონაწილეობა ვერ მიიღო. გარდა ამისა, ყოფილი დირექტორი განმარტავს, რომ მერიამ ტენდერი 80 000 ლარზე გამოახადა, თუმცა  მონაწილე კომპანიებმა 58 000–მდე ჩამოიყვანეს, აღნიშული თანხა კი დაწესებულების მოსამარაგებლად არასაკმარისი იქნება.

,,უმწეოთა სასადილოს საკითხი საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განვიხილეთ“ – განმარტავს ქალაქ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე. კახა ბერიძე, რომელიც ამავდროულად სატენდერო კომისიის წევრია, აღნიშნავს, რომ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა 2–მა კომპანიამ მიიღო. ორივე მათგანმა თანხა 20%–ით დასწია, რის გამოც მერიამ მათგან განმარტებითი წერილი მოითხოვა. ამჟამად მერიამ საკრებულოს ინიციატივით მიმართა, რომლის თანახმადაც, ახალი ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება, მანამდე კი ადგილობრივი თვითმმართველობა ხელშეკრულებას ერთ პირთან გააფორმებს და სასადილო ფუნქციონირებას დაიწყებს.

ვისთან გააფორმებს მერია ტენდერის გამოცხადებამდე ხელშეკრულებას, ამ ეტაპზე უცნობია. უფასო სასადილოს 170 ბენეფიციარი კი უკვე ორი კვირაა საჭმლის გარეშეა დარჩენილი. ისინი ადგილობრივი თვითმმაღთველობის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

 

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე