საბარგო სადგურის მაცხოვრებელთა პრობლემის შესასწავლად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ჯგუფი გამოგზავნა. კომპანია დასახლებაში არსებული მდგომარეობით 18 დეკემბერს, ,,მე–9 არხის“ ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ დაინტერესდა. 22 დეკემბერს კი საბარგო სადგურზე ტექნიკურმა ჯგუფმა აზომვითი სამუშოები განახორციელა. როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, პირველ რიგში საპროექტო სამუშოებია დაგეგმილი, რის შემდეგაც საკანალიზაციო სისტემის მოსაწესრიგებლად ტენდერს თავად წყალმომარაგების კომპანია, ან მუნიციპალური განვითარების ფონდი გამოაცხადებს.
რა დრო დასჭირდება მოსამზადებელ სამუშოებს, ამას კომპანიაში ვერ ასახელებენ, თუმცა, მათი მტკიცებით, პრობლემის მოგვარება 2015 წელს აუცილებლად დაიწყება. შეგახსენებთ, რომ საბარგო სადგურის დასახლებაში საკანალიზაციო სისტემა უკვე წლებია არ არსებობს, რის გამოც ფეკალური მასა თითქმის ყველა ქუჩაზე მოედინება. ტალახს თან ანტისანიტარია და გაუსაძლისი სუნი ახლავს. ღია არხების გამო, დაბინძურებული წყალი შენობებს ტბორავს.