გამგეობის ყოფილი თანამშრომლების საქმეზე დღეს მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი სამი მოწმე, მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე მალხაზ ჟუჟუნაძე, საფინანსო, საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ნინო გოგოლაური და მთავარი სპეციალისტი აღმშენ–ინსპექციის საკითხებში ემზარ მღებრიშვილი დაიკითხნენ.
მოწმეებმა ასპინძის ქუჩის 28–ე კორპუსის სახურავის რეაბილიტაციისათვის გამოცხადებულ ტენდერსა და სამშენებლო პროცესთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხეს. მოწმეების ჩვენებებთან დაკავშირებით კი ქასრაშვილისა და მერაბიშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობა არ იკვეთება. ირაკლი ბარძიმაძე განმარტავს, რომ არცერთი მოწმის ჩვენებამ ქასრაშვილისა და მერაბიშვილის მიერ თანხის მითვისება არ დაადასტურა. ადვოკატი სასამართლო პროცესებს აბსურდის თეატრს უწოდებს და განმარტავს, რომ იქამდე სანამ ექსპერტი არ დაიკითხება, პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს აზრი არ აქვს.
შემდეგი სასამართლო პროცესი 26 დეკემბერს ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილ თანამშრომლებს გიორგი ქასრაშვილსა და რევაზ მერაბიშვილს ბრალად სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, სამსახურეობრივი სიყალბე და დიდი ოდენობით თანხების მითვისება ედებათ.