ახალციხის მუნიციპალიტეტში, ბოლო თვის მონაცემებით, 32 ადამიანი ძაღლმა დაკბინა. მათ შორის ათი მოხეტიალე, ხოლო დანარჩენი 22 ოჯახის ცხოველის მიერაა დაკბენილი. მედიკოსები ამბობენ, რომ სტატისტიკური მონაცემები საკმაოდ საგანგაშოა და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
მოსახლეობა ამბობს, რომ ცხოველებისთვის თავშესაფარი ქალაქგარეთ უნდა აშენდეს და ქუჩები მიუსაფარი ძაღლებისგან გაიწმინდოს. წინააღდეგ შემთხვევაში ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ ადამიანები დიდი საშიშროების წინაშე დგანან. მათი თქმით, პრობლემა სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა მოაგვაროს.
ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცახდებენ, რომ ნოემბრის თვის მონაცემებით, მუნიციპალიტეტში მოხეტიალე და ოჯახის ძაღლის მიერ, 32 ადამიანია დაკბენილი. ცენტრის ექიმი–პროფილაქტიკოსის თქმით, აქედან 9–მათგანი 15 წლამდე ასაკის ბავშვია. ყველა დაზარალებული მკურნალობას გადის და მათ შესაბამისი აცრები უტარდებათ. კობა გრიგალაშვილი აღნიშნავს, რომ მათი მდგომარეობა, ამ დროისათვის, სტაბილურია. რაც შეეხება, ოჯახის ძაღლებს, რომელთაც ადამიანები დაკბინეს, ვეტერინარიული სამსხურის ზედამხედველობის ქვეშ, 10 დღის განმავლობაში იმყოფებიან და შესაბამისი პროცედურები უტარდებათ. ექიმი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ დაკბენის შემთხვევაში, დაზარალებულებმა სამედიცინო დაწესებულებას დაუყოვნებლივ მიმართონ, რადგან მოსალოდნელი გართულების თავიდან აცილების ძირითადი წინაპირობა, ზომების დროული მიღებაა.
“ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებაში” აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ბაზის გაუმართაობა ქვეყანაში ბევრ პრობლემას იწვევს. თეიმურაზ წიქორიძის თქმით, დღემდე, უპატრონო ცხოველთა პოპულაციის მართვა არაჰუმანური მეთოდებით ხდება, რადგან მათი უფლებები კანონმდებლობით დაცული არ არის. ადგილობრივი იურისტები კი აღნიშნავენ, რომ ცხოველის მოკვლა მხოლოდ რამოდენიმე შემთხევაშია შესაძლებელი.
ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ მოხეტიალე ძაღლების პრობლემა რეალურად არსებობს, თუმცა საკითხის მოგვარება საკამოდ რთულია. გიორგი კოპაძის თქმით, თავშესაფრის აშენება ქალაქის ბიუჯეტის საშუალებით ვერ მოხერხდება. მისივე მტკიცებით, საქმეში ცენტრალური ხელისუფლება უნდა ჩაერთოს და პრობლემის გადაჭრის გზები გამოინახოს.
ახალციხის მუნიციპალიტეტში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 2014 წლის მონაცემებით, ცხოველებმა 532 ადამიანი დაკბინეს.
“ცხოველთა კეთილდღეობის საერთაშორისო სტანდარტების” შექმნას სახელმწიფოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაც ავალდებულებს. აღნიშნული მუხლის ამოქმედება 2020 წლისთვისააა დაგეგმილი. მოსამზადებელ სამუშაოებს კი “ცხოველთა ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის” წარმომადგენელი აკვირდება.