სოფელ მოხეს სადავო საკულტო ნაგებობის საკითხს სპეციალური კომისია შეისწავლის. ამის შესახებ ზაზა ვაშაყმაძემ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საკონსულტაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
სპეციალური კომისია 11 კაცით იქნება დაკომპლექტებული, რომელშიც სამი მუსლიმთა თემის, სამი საპატრიარქოს, ორი ძეგლთა დაცვის, ხოლო თითი-თითო გამგეობის, გუბერნიისა და რელიგიის საკითხთა სააგენტოს წარმომადგენლები იქნებიან.
კომისიას რელიგიის საკითხთა სააგენტოს თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. ზაზა ვაშაყმაძის თქმით, ძალიან ბევრია დამოკიდებული როგორც საპატრიარქოს, ასევე მუსლიმთა თემის წარმომადგენლებზე, რათა შემდგომში ესკალაციებს ადგილი არ ჰქონდეს. კომისიის მორიგი შეხვედრა 2014 წლის 27 დეკემბერს დაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში არსებული შენობა ქრისტიანებისა და მუსლიმების დაპირისპირების მიზეზი გახდა. ადგილობრივი მუსლიმი თემი აცხადებს, რომ შენობაში ადრე მეჩეთი ფუნქციონირებდა, ხოლო მართმადიდებლები შენობის ქრისტიანულ წარმომავლობაზე საუბრობენ. ადგილობრივი ხელისუფლება კი, შენობაში ბიბლიოთეკის გახსნას გეგმავდა, რასაც მუსლიმი თემის პროტესტი მოჰყვა. შენობის ისტორიული კუთვნილების დასადგენად, შესაბამისი კომისიის შექმნა გახდა საჭირო.
You must be logged in to post a comment.