”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

დამშრალი მტკვარი და დაზიანებული ეკოსისტემა?!

მდინარე მტკვარი შრება. ასპინძის მუნიციპალიტეტის  მოსახლეობა ამბობს,რომ მდინარის დონე ყოველდღიურად საგანგაშოდ  იკლებს. მათი მტკიცებით, წყლის დონის კლების მიზეზი თურქეთის ტერიტორიაზე მშენებარე კაშხალია.

სოფელ ფიაში მტკვრის წყალს  სოფლის  მაცხოვრებლები სარწყავად  იყენებენ. უხუცესები ამბობენ, რომ წყლის დონის ასეთი კლება არ ახსოვთ. ადგილობრივები მოსალოდნელ ეკოლოგიურ საფრთხეებზე საუბრობენ და შიშობენ, რომ მტკვრის დონის საგანგაშო კლება გაუსარწყავიანობის პრობლემას გამოიწვევს და მათი სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება.

 

მტკვარში, წყლის დონის კლება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. მოსახლეობის მტკიცებით, უწყლობის გამო თევზი იხოცება. ასპინძაში ვარაუდობენ, რომ მდინარის დაშრობა თუქრეთის ტერიტორიაზე , კაშხალის მშენებლობამ გამოიწვია. ადგილობრივები ცენტრალური ხელისუფლებისგან  თურქულ მხარესთან მოლაპარაკებების დროულად დაწყებას  და ვითარებაში გარკვევას მოითხოვენ.

 რატომ დაიწია მტკვრის დონემ და რა მოლაპარაკებები წარმოებს ქართულ და თურქულ მხარეს შორის, ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის უცნობია. თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მობილიზაცია გამოცხადდა,  მდინარეში წყლის დონის ასაწევად და თევზების გადასარჩენად სხვადასხვა ხერხს მიმართეს. ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის ლევან ცაბაძის მტკიცებით, ცენტრალურ ხელისუფლებას ინფორმაცია პირველივე დღეს მიეწოდა.

 მტკვრის დონის კლებას საგანგაშოს უწოდებენ გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები.  „აწყური“–ს თავმჯომარის, ნანა ნათენაძის  თქმით, მტკვრის დაშრობა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს რეგიონის ეკოსისტემასა და მათ ბინადართ. გარემოს დაცვითი ორგანიზაციის თავმჯდომარის მტკიცებით, მტკვრის დონის დაწევით გამოწვეული გაუსარწყავიანობა მხოლოდ მცირე პრობლემა, რადგან შრობის პროცესის გახანგრძლივება გაცილებით სერიოზულ საფრთხეებს შექმნის. ნანა ნათენაძე მონიტორინგის ჯგუფის შექმნას მოითხოვს, რათა გაირკვეს რა მოხდა სინამდვილეში.

წყლის დონის კლებასთან დაკაშირებით  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ,  მეცხრე არხთან კომენტარი მხოლოდ 27 ნოემბერს გააკეთა. უწყების ცნობით,   თურქულ მხარესთან კომუნიკაციის საფუძველზე დადგინდა, რომ მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე  არსებული წაყალსაცავების ზამთრისთვის  წყლით შევსება  ხდება და მდინარის დონის დაკლებას ჰესის მშენებლობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

“იმისათვის, რომ დადასტურდეს არაფორმალური არხებით მიღებული ინფრომაცია, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით სასწრაფო წერილი გაუგზავნა, თურქეთის სატყეო და წყლის რესურსების მინისტრს, ბატონ ეროღლუს. წერილზე პასუხს მომდევნო რამდენიმე დღის მანძილზე ველოდებით. აუცილებელია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ მდინარე მტკვარი საქართველოში იმატებს იმაზე მეტ წყლის რესურს, ვიდრე თურქეთიდან შემოდის. შესაბამისად, დღევანდელი მდგომარეობით, დროებით შემცირება არ წარმოშობს მნიშვნელოვან რისკებს”-აცხადებენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში.

 ცენტრალური უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მტკვრის დონის კლებასთან დაკაშირებით მდგომარეობა საგანგაშო არ არის. მიუხედავად ამისა,  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ

მიმდინარეობს უწყვეტი მონიტორინგის პროცესი, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი ანომალური მოვლენა. თუმცა, განსხავებული მოსაზრებები აქვთ მოსახლეობას და გარემოს დაცვით ორგანიზაციებს. მათი მტკიცებით ეკოსისტემას ზიანი უკვე მიადგა.

Information

This entry was posted on 27/11/2014 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე