სურსათის ეტიკეტირების წესის დარღვევა მწარმოებელი კომპანიების დაჯარიმდებას იწვევს, თუმცა მოსახლეობის ნაწილი პროდუქტის შეფუთვაზე დატანილ ინფორმაციას არ ამოწმებს. ეტიკეტირებასთან დაკავშირებით, ქვეყანას გარკევეული პირობებს აკისრებს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება.
დაბა ასპინძაში მდებარე შპს ,,მესხეთი პროდაქტი” ხორცპროდუქტებს აწარმოებს. მისი პროდუქცით, ძირითადად, რეგიონის სუპერმარკეტები მარაგდება. წარმოების პროცესში „მესხეთი პროდაქტის“ ტექნოლოგებისთვის ბოლო, მნიშვნელოვანი დეტალი ეტიკეტირებაა. პროდუქტზე ისინი საფირმო სიმბოლოსა და ეტიკეტს აკრავენ, რომელზეც დასახელება, გამოშვების თარიღი, შენახვის ვადა და დამზადების ადგილია მითითებული.
სურსათის დასახელება, მისი შემადგენლობა და ტექნოლოგიური დანიშნულება, საკვები დანამატები, დამზადების თარიღი, ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა და ფირმა, შენახვის განსაკუთრებული პირობები– ეს ის ძირითადი ინფორმაციაა, რომელიც საკვები პროდუქტის კანონმდებლობის მიხედვით, შეფუთვაზე დატანილი აუცილებლად უნდა იყოს. ახალციხელ მყიდველთა უმრავლესობამ ეტიკეტის დანიშნულების შესახებ იცის, თუმცა მაცხოვრებლები ამბობენ, რომ პროდუქტს ხშირად არ ამოწმებენ.
სურსათის ეროვნული სააგენტოში განმარტავენ, რომ გასული წლის განმავლობაში, მომხმარებელთა მიერ სამომხმარებლო კონტროლის დონე, საკმაოდ გაიზარდა. როგორც სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსი, კახა სოხაძე ამბობს, ეტიკეტზე პროდუქტის რაობის შესახებ ინფორმაცია გარკვევით და მკაფიო ასოებით უნდა იყოს განთავსებული, რათა მომხმარებელმა იგი გაარჩიოს. მისივე თქმით, აუცილებელია, სურსათზე მითითებული იყოს მისი სპეციფიკური თვისებები და მახასიათებლები, ასევე, მისი შენახვის პირობები.
პროდუქტის ეტიკეტირების წესის დაცვას მწარმოებელ კომპანიებს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაც ავალდებულებს. დოკუმენტის მიხედვით, ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია მოსახლეობის ჯანმრთელობის, უსაფრთხოების ან გარემოს დაცვის კუთხით სხვადასხვა მიზნების შესრულებას ემსახურება.
საკვების ეტიკეტირების წესის დარღვევაზე ფულადი სანქციების ამოქმედებასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა დეკემბრის თვეში დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, სურსათის ანდა ცხოველის საკვების ეტიკეტირების წესის დარღვევა – 400 ლარის ოდენობით ჯარიმდება. თუკი წლის განმავლობაში, იგივე ქმედება განმეორდება, ჯარიმა სამმაგდება და ის 1200 ლარს მიაღწევს.