”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

,,ერთსულოვნება სამართლიანობისაკენ” მერიას უმოქმედობაში ადანაშაულებს

სამეზობლო დავა თუ ქალაქის მერიის უმოქმედობა –  რუსთაველის ქუჩის 6 ნომერში მაცხოვრებლები საკუთარი ეზოდან მეზობლის სათავსოების აღებას მოითხოვენ. ამის შესახებ ჯანოიანების ოჯახმა ადგილობრივ თვითმმართველობას არაერთხელ მიმართა, თუმცა დავა კვლავ გრძელდება.

რუსთაველის ქუჩის #6–ში  მცხოვრები ჯანოიანების ოჯახი ე.წ ,,იტალიური ეზოდან“ ხის სათავსოების აღებას მოითხოვს. მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ფარდულები, რომლებსაც მეზობლები შეშის შესანახად იყენებენ, მათი საცხოვრებელი სახლის კედელზეა მიდგმული და არაერთ პრობლემას ქმნის. ჯანოიანების განმარტებით, შენობა იჩრდილება, რის გამოც სახლის კედლები დანესტიანდა, დაჭაობდა ეზო, ზაფხულში კი ფარდულებში ქვეწარმავლები მრავლდებიან. ჯანოიანები ამბობენ, რომ აღნიშნული სათავსოები მეზობლებს დაკანონებული არ აქვთ, ამიტომ მათი აღების მოთხოვნით ოჯახმა ადგილობრივ თვითმმართველობას რამდენჯერმე მიმართა.

ჯანოიანის პრობლემას ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ერთსულოვნება სამართლიანობისაკენ“. მისი ხელმძღვანელი, ქეთევან ხმალაძე განმარტავს, რომ ხის ფარდულები დაუკანონებელია, ამიტომ, მერიამ მათი დემონტაჟი უნდა განახორციელოს. საკითხის მოსაგვარებლად არასამთავრობო ორგანიზაციამ ქალაქის მერს რამდენჯერმე წერილობით მიმართა. რაზეც უპასუხეს, რომ აღნიშნული პრობლემა სამეზობლო დავაა და ფარდულების აღების უფლებამოსილება მერიას არ გააჩნდა, თუმცა საწინააღმდეგოს ამტკიცებს ,,ერთსულოვნების“ ხელმძღვანელი, მისი თქმით, მერიამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148–ე მუხლის შესაბამისად უნდა იმოქმედოს, რაც ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში კეთილმოწყობის წესების დარღვევას გულისხმობს.

ქალაქ ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ საკითხის შესასწავლად ისინი ადგილზე იმყოფებოდნენ. მერის წარმომადგენლის, ზურაბ სამსონიძის თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მეზობლებთან ერთად ხის ფარდული  გარიკ ჯანოიანსაც ჰქონდა, თუმცა გარკვეული დროის განმავლობაში მან ფარდული დაიკანონა. ამის შემდეგ, სათავსო მოშალა და მის ადგილზე  საცხოვრებელს კიდევ ერთი ოთახი დაუმატა. მერის წარმომადგენელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახებს სათავსოები საკუთრებაში არ აქვთ, ადამიანური ფაქტორის გაათვალისწინებით, მათი დანგრევა არ მოხდა და საბოლოოდ, მერიამ ფარდულების გადაწევა კედლიდან 1 მეტრის რადიუსში მოითხოვა.

დაუკანონებელი სათავსოების აღების მოთხოვნით, ჯანოიანების ოჯახმა ადგილობრივ თვითმმართველობას პირველად 2013 წლის 29 ნოემბერს მიმართა. მაშინდელი მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბესიკ ბლიაძის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში განმარტებულია, რომ  თუკი  პირები, რომლებიც ფარდულებს იყენებდნენ, კუთვნილების დამადასტურებელ დოკუმენტაციას ვერ წარმოადგენდნენ, 10 დღის ვადაში გამგეობა ხის კონსტრუქქციების დემონტაჟს განახორციელებდა. იმავე შინაარსის წერილი მიიღო გარიკ ჯანოიანი 2014 წლის 24 ივნისს.  ამჯერად დოკუმენტს ხელს მაშინდელი მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, მალხაზ ჟუჟუნაძე აწერდა. წერილში ნათქვამია, რომ ფარდულები დაუკანონებელია და მათი  დემონტაჟი პირებმა 5 დღის ვადაში უნდა განახორციელონ. ფაქტს რეაგირება არც ამ შემთხვევაში მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ მერიის ინიციატივით, სათავსოები საცხოვრებელის კედელს 1 მეტრით მოშორდა, ჯანოიანების ოჯახი მათ მთლიანად აღებას ისევ მოითხოვს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე