„ჰორიზონტის გაფართოება, გაუმჯობესებული არჩევანი ქალებისა და გოგონების პროფესიული და ეკონომიკური განვითარებისათვის“ – პროექტის ფარგლებში დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში „ქალთა ოთახი“ გაიხსნა.
სპეციალურად მოწყობილი კუთხე ბავშვებისათვის, ინტერნეტ მომსახურება და სხვადასხვა სახის სერვისი ქალბატონებისთვის – სამცხე–ჯავახეთში, დღეს კიდევ ერთი „ქალთა ოთახი“ გაიხსნა.
იგი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსდა, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების დაქვემდებარებაში იქნება. ოთახის ხელმძღვანელად კი ია ტლაშაძე დაინიშნა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში გახსნილი ახალი მუნიციპალური სერვისი პროექტის „ჰორიზონტის გაფართოება, გაუმჯობესებული არჩევანი ქალებისა და გოგონების პროფესიული და ეკონომიკური განვითარებისათვის“ ფარგლებში გაიხსნა. პროექტის ხელმძღვანელის, ლალი ყიფშიძის თქმით, ეს არის სივრცე, სადაც ნებისმიერ ადგილობრივ ვიზიტორს შესაბამისი მომსახურების მიღება შეეძლება.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ახალი პროექტი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრისა და მერსი ქორფსის მხარდაჭერით, იუესაიდის დაფინანსებით განხორციელდა. პროექტი სამი კომპონენტისგან შედგება. ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კი ქალთა ოთახების შექმნაა, რომლის მიზანი ქალბატონების მხარდაჭერა და მათთვის სასურველი ინფორმაციის მიწოდებაა. ქალთა ოთახის ვიზიტორთათვის შეიქმნება სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამებიც.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში „ქალთა ოთახის“ საზეიმო გახსნანს ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებიც დაესწრნენ. გამგებლის დიმიტრი ყიფიანის აზრით, მსგავსი სახის პროექტების განხორციელება ადგილობრივ დონეზე ქალების გააქტიურებას ხელს შეუწობს.
„ქალთა ოთახები“ ბორჯომის, ნინოწმინისა და ასპინძის შემდეგ რეგიონის დანარჩენ სამ მუნიციპალიტეტშიც გაიხსნება, ამასთანავე მუნიციპალური სერვისების მოწყობა ქვემო ქართლის რეგიონშიც იგეგმება. პროექტის, „ჰორიზონტის გაფართოება, გაუმჯობესებული არჩევანი ქალებისა და გოგონების პროფესიული და ეკონომიკური განვითარებისათვის“ 13 მუნიციპალიტეტში ხორციელდება.