სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების დეპარტამენტმა კრიტიკული შეუსაბამობების გამო ახალციხის აგრარულ ბაზარში (შპს “სავაჭრო ცენტრი ახალციხე”) რძის პროდუქტების სექცია დახურა. სააგენტოს ინფორმაციით, აქ დარღვეული იყო რძის პროდუქტების (არაჟანი, რძე, კარაქი) შენახვა-რეალიზაციის პირობები, კოროზირებული იყო ხორცის დასაკიდი კაუჭები. ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა ვეტერინარული მოწმობა ფორმა N2, რის გამოც დაჯარიმდა 1000 ლარით.
გარდა ამისა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა ნინოწმინდის რაიონის სოფელ ხანჩალში დახურეს ი.მ “ვაგრამ ადუმიანის” რძის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო, რომლის შენობაში წარმოების პარალელურად მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაობი; არ ჰქონდათ სამაცივრე დანადგარები, რის გამოც დარღვეული იყო სურსათის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი; კოროზირებული ინვენტარი და მწერები – ასეთია იმ დარღვევების ჩამონათვალი, რის გამოც რძის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო დაიხურა, ბიზნესოპერატორი კი 1000 ლარით დაჯარიმდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით კიდევ რამდენიმე საწარმო დაიხურა. თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, შპს “თაღლაურა მენეჯმენტ კომპანის'” კუთვნილ სახინკლე “თაღლაურაში” სხვა დარღვევებთან ერთად, სახინკლეში ვერ წარმოადგინეს ხორცის კეთილსაიმედოობის დამადასტურებელი დოკუმენტი – ფორმა N2, რის გამოც “თაღლაურა” დაიხურა და შპს “თაღლაურა მენეჯმენტ კომპანი'” დაჯარიმდა 1000 ლარით.
ანტისანიტარიისა და ტექნოლოგიური პროცესის ნაკადურობის დარღვევისთვის დაიხურა ბათუმში, გამსახურდიას და ჭავჭავაძის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე შპს”ჰოფას” კუთვნილი საშაურმე, სადაც ინსპექტირება სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა განახორციელეს.
ფორმა N2-ის გარეშე ხორცის რეალიზაციისა და სხვა დარღვევებისათვის კახეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა საწარმოო პროცესი შეუჩერეს და 1000 ლარით დააჯარიმეს სიღნაღის რაიონის ქალაქ წნორში მდებარე ხორცის სარეალიზაციო ობიექტი შპს “მარი 97”.
You must be logged in to post a comment.