ახალციხის მომხმარებელთა დაცვის ცენტრის თანამშრომლებმა ბურღულში მწერები აღმოაჩინეს. ცენტრს მომხმარებლებმა თამარაშვილის ქ. #57-ში მდებარე „მარკეტი 555“-ის შემოწმების თხოვნით 2014 წლის 6 აგვისტოს მიმართეს. მომხმარებლებმა აღნიშნეს, რომ აღნიშნულ მარკეტში ვადაგასული ბურღული იყიდებოდა. 9 აგვისტოს ცენტრის წარმომადგენლებმა მარკეტი დაათვალიერეს და აღმოაჩინეს, სავარაუდოდ, ადგილზე დაფასოებული ბურღული, რომელსაც ეტიკეტი არ ჰქონდა. სპეციალისტების თქმით, ეს ეტიკეტირების წესის დარღვევაა. შეძენილ ბურღულში კი მათ მწერები აღმოაჩინეს.
დარღვევის შესახებ წარმომადგენლებმა მარკეტის მეპატრონე გააფრთხილეს და სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ სამმართველოს წერილით მიმართეს.
სამმართველოს ინფორმაციით, მითითებულ ადგილზე ჯგუფი გავიდა და აღნიშნულ მარკეტში 10 კილოგრამი და 120 გრამი მყარი სურსათი, ხოლო 4 ლიტრის ოდენობით თხევადი სურსათი აღმოაჩინა, რომელიც სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაილუქა და შემდეგ კი განადგურდა. 3 სექტემბერს ინდმეწარმე ჯულიეტა წარუკიანი კი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა
და მცენარეთა დაცვის კოდექსისი 74–ე მუხლის 2 ნაწილის თანახმად დაჯარიმდა. ჯარიმის ოდენობამ 500 ლარი შეადგინა.
You must be logged in to post a comment.