მაღალმა ძაბვამ ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადიგენის ფილიალის თანამშრომელის სიცოცხლე იმსხვერპლა. შემთხვევა დღეს, 26 აგვისტოს, სოფელ ენთელში მოხდა, როცა ანგარიშწორებისა და აღრიცხვის ჯგუფი დასახლებაში დაკისრებულ მოვალეობას ახორციელებდა. მაღალი ძაბვის ბოძზე ასული, 50 წლამდე მამაკაცი ელექტრო ენერგიის მოულოდნელი ჩართვის გამო გარდაიცვალა.
როგორც თანამშრომლები ჰყვებიან, ჯგუფი სააღრიცხვო კვანძებს ამოწმებდა, რომლის დროსაც ძაბვა ჩართული არ უნდა ყოფილიყო, თუმცა ელექტრო ენერგია მათ გაუფრთხილებლად, მოულოდნელად ჩაირთო და ჯგუფის წევრი ადგილზე იმსხვერპლა.
შემთხვევას ადასტურებს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას ახალციხისა და ადიგენის სერვის ცენტრის“ ხელმძღვანელი. ზურაბ მამუკაშვილის თქმით, უბედური შემთხვევა გაუგებრობის გამო მოხდა. ამ დრიოსათვის კომპანიის თანამშრომელბი დაკითხვაზე იმყოფებიან.
შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით აღიძრა, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი ისჯება თავისუფლების შეზღუდვით, ვადით 5 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით 2-დან 5 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე ან უამისოდ.
You must be logged in to post a comment.