3 აგვისტოს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ნუგზარ სამარჯიშვლმა პირველი ინტერვიუ ტელეკომპანია ,,მე–9 არხთან“ გააკეთა. ადვოკატის თქმით, შემთხვევა 2 აგვისტოს, გვიან ღამით მოხდა. მას შემდეგ, რაც მან 3 მეგობართან ერთად რაბათის ერთ–ერთ კაფეში დაბადების დღე აღნიშნა და სახლში ბრუნდებოდა. ამბობს, რომ მეგობარმა, რომლის ავტომანქანითაც იმყოფებოდნენ, მისივე თხოვნით რამდენიმე ჭიქა ალკოჰოლური სასმელი დალია.
დაახლოებით 00:30 საათზე, ადვოკატი და მისი თანაკასელები საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ახალციხე–ვალის მაგისტრალზე გააჩერა. ,,მოსულ ეკიპაჟს ვთხოვე, რომ მქონდა დაბადების დღე და თუ შეეძლოთ, თუნდაც ხელმძღვანელობისთვის შეეთანხმებინათ და ჩემთვის ეპატიებინათ. არ ვიყავით უგონოდ მთვრალები, სულ რამდენიმე ჭიქა გვქონდა დალეული და სახლში მივდიოდით.“–ამბობს ნუგზარ სამარჯშვილი. ადვოკატი ჰყვება, რომ ამის შემდეგ, ადგილზე საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი პირები მივიდნენ. სამცხე – ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს, მერაბ წურწუმიას მან იგივე თხოვნით მიმართა: ,,ამ ადამიანთან ვცადე, მეთხოვა ადამიანურად, რაზედაც მან უხეშად მომიგო თხოვნის დასაწყისშივე, რომ დამეტოვებინდა პერიმეტრი“. ნუგზარ სამარჯიშვილი ირწმუნება, რომ პატრულის თანამშრომლებმა მის მეგობარს სპეციალურ აპარატში ჩაბერვა მოსთხოვეს, რაზეც მძროლმა უპასუხა, რომ ფილტვები აწუხებდა და არ შეეძლო. ,, აპარატს პირში ძალით ტენიდნენ კობას. დაახლოებით 7–8 ჯერ იძულების წესით ჩააბერინეს. მე გადავწყვიტე ამომეღო ტელეფონი და დამეფიქსირებინა. ტრიალდება წურწუმია და მეუბნება, რომ თავზე დამამტვრევს ტელეფონს თუ არ გამოვრთავ, რის შემდეგაც იძლევა განკარგულებას, რომ დამაკავონ. პირდაპირ მოდის ჩემკენ, მართმევს კამერას და შლის გადაღებულ ვიდეოს .“ –ამბობს ადვოკატი.
ნუგზარ სამარჯიშვილი და მისი მეგობარი პატრულის ეკიპაჟმა 3 აგვისტოს, გვიან ღამით დააპატიმრა. იმავე დღეს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ადვოკატის დაკავება უკანონოდ სცნო, ხოლო მის მეგობარს 6 თვით მართვის უფლების ჩამორთმევა და ჯარიმა 250 ლარის ოდენობით დაეკისრა. აღნიშნულთან დაკავშირებით, შსს–ს პრეს –სამსახურში ,,მე–9 არხს“ განუმარტეს, რომ ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173–ე მუხლით იქნა დაკავებული, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკების მოთხოვნისადმი ბოროტად დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, ადვოკატი ნასვამი იყო და სამართალდამცავებს შეეწინააღმდეგა.
,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა დღეს გენერალურ პროკურორს განცხადებით მიმართა და ფაქტზე მყისიერი რეგირება მოითხოვა. რაც შეეხება ნუგზარ სამარჯიშვილს, იგი სამცხე – ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, მერაბ წურწუმიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას, სსკ 333–ე და 147–ე მუხლებით ითხოვს, რაც უფელბამოსილების გადამეტებასა და განზრახ უკანონო დაკავება– დაპატიმრებას ითვალისწინებს.
You must be logged in to post a comment.