“ეს იყო აბსურდის თეატრი” – ასე შეაფასა დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის სასამართლო პროცესი ბესიკ ბლიაძის ადვოკატმა. ნუგზარ სამარჯიშვილის თქმით, დღეს 6 მოწმე უნდა გამოცხადებულიყო, მაგრამ პროკურატურამ პროცესზე მხოლოდ ორი წარმოადგინა. მისივე მტკიცებით, ეს პროკურორის მეთოდია, რომ პროცესი ხელოვნურად გაჭიანურდეს.
დღეს სასამართლო პროცესზე გამგეობის შესყიდვების სამსახურის სპეციალისტები მანანა ბალიაშვილი და ქეთევან ინასარიძე დაიკითხნენ. ნუგზარ სამარჯიშვილის თქმით, ბლიაძეს ბრალი 341–ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურეობრივ სიყალბეს პირადი მოტივით ან ანგარებით გულისხმობს. დაცვის მხარის მტკიცებით, მოწმეების დაკითხვისას არც პირადი მოტივი და არც ანგარება გამოკვეთილა.
მომდევნო სასამართლო სხდომა 7 აგვისტომდე გადაიდო.
ახალცისი მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს გამოძიება სხვადასხვა პოზიციაზე 3 თვიანი ვადით დანიშნულ მოვალეობის 4 შემსრულებლის საქმეს ედავება, რომელთაც ბესიკ ბლიაძის ბრძანების საფუძველზე უფლება–მოვალეობის შესრულების ვადა გაუგრძელდათ.
26 მარტს ბლიაძეს სასამართლომ გირაოს სახით 4 000 ლარი შეუფარდა და თანამდებობრივი უფლება–მოსილება შეუჩერა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბესიკ ბლიაძეს სასჯელის სახით ჯარიმა ან , 2–იდან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
You must be logged in to post a comment.