ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლელმა თანამდებობა ოფიციალურად დღეს დატოვა. დიმიტრი ბერიძემ ამის შესახებ განცხადება “ბორჯომის მუნიციპალიტეტის” ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა და ბორჯომის მოსახლეობას მიმართა.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ
“ძვირფასო ბორჯომელებო!
მინდა დიდი სითბოთი და სიყვარულით მოგმართოთ. ვარ უსაზღვროდ ბედნიერი იმისათვის, რომ წელიწადი და სამი თვე თქვენგან მომეცა საშუალება და ნდობა ვმდგარიყავი იმ საკითხების ირგვლივ რასაც ბორჯომის მომავალი ჰქვია. აქვე მინდა მივულოცო ბორჯომის ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ ყველა მომავალ საკრებულოს დეპუტატს და მუნიციპალიტეტის გამგებელს. მინდა ვუსურვო მათ ჩვენი ულამაზესი რაიონისათვის ბევრი სასიკეთო საქმის კეთება.
დღეს ბორჯომის წინაშე უამრავი პრობლემატური საკითხი დგას, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე სოციალური მიმართულებით. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ თავდაუზოგავად იმუშავა რათა თითოეული მოსახლის პრობლემა სასიკეთოდ გადაეწყვიტა. დაფინანსდა უამრავი სოციალური თუ ინფრასტრუქტურული პროექტი, თუჯმცა გვყავს ბევრი უსახლკარო და მეწყერ საშიშ ზონაში მყოფი მოქალაქეები, რომლებიც ყოველ დღე დახმარების მოლოდინში არიან. მაქვს დიდი იმედი, რომ ახალი ადგილობრივი ხელისუფლების მოსვლის შემდგომ ამ ადამიანების პრობლემების გადაწყვეტა. ეტაპობრივად განხორციელდება და აღარ გვეყოლება გაჭირვებული და უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეები.
2013 წლიდან 2014 წლის ბოლომდე ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ პრიორიტეტების მიხედვით დაგეგმა, განახორციელა და დღესაც მიმდინარეობს ორმოცდაათზე მეტი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტი სოფელსა თუ ქალაქში, რაც ჯამში შეადგენს 10, 000, 000 ლარზე მეტს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ თითოეული პროქტის დამტკიცებაში მონაწილეობა მიღებული აქვს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი მოსახლეობის უმეტეს ნაწილს აქვს დიდი სურვილი და ოცნება რომ ბორჯომს როგორც საკურორტო ქალაქს დაუბრუნდეს ის სახელი და დიდება რაც მას წლების მანძილზე გააჩნდა.
მინდა მადლიერება გამოვხატო ყველა ჩვენს ადგილობრივ თვითმართველ ერთეულში შემავალი სტრუქტურის (სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, ბიბლიოთეკა, საჯარო სკოლები, საბავშვო ბაღები, კულტურის სახლი, მზრუნველობა მოკლებულთა სახლი და ა.შ.) მიმართ, ჩვენი მოქალაქეების ღირსეულად აღზრდის, ზრუნვისა და გმირულად გაწეული შრომისათვის. აგრეთვე ყველა იმ ადამიანის მიმართ ვისაც ბორჯომის მომავალი და პრობლემები აწუხებს.
ბოდიში მინდა მოვუხადო ყველა იმ მოქალაქეს ვისი გვერდში დგომა და დახმარება გარკვეულ წილად ამ მოკლე პერიოდში ვერ შევძელი. მაქვს იმედი, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში მათი პრობლემების გადაჭრის გზები უფრო ეფექტურად გამოიძებნება.”
You must be logged in to post a comment.