30-ე ახალციხის უბანზე ,,სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზის” წარმომადგენელმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მეუღლემ – ნინო ბაღდოშვილმა გაფრთხილება მიიღო. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, მას სურდა უბანზე მთელი დღის განმავლობაში დარჩენილიყო, რასაც კანონი უკრძალავს. კომისიის წევრებმა რამდენჯერმე მიუთითეს, რომ უბანი დაეტოვებინა. ბაღდოშვილი ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის – თეა გავაშელისა და 30-ე უბნის თავმჯდომარის – ზურაბ ანანიაშვილის მოთხოვნას დაემორჩილა, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ იგივე უბანზე დაბრუნდა და სურდა, რომ მისი პარტიის წარმომადგენლი ჩაენაცვლებინა. საარჩევნო კოდექსის 42-ე მუხლის პირველი ნაწილი პარტიის წარმომადგენელს მთელი დღის განმავლობაში უბანზე ყოფნის უფლებას უზღუდავს. მიუხედავად ამისა, ნინო ბაღდოშვილმა ,,მე-9 არხთან” განმარტა, რომ მას კანონი არ დაურღვევია.