შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ინიციატივით, პოლიციელის დღესთან დაკავშირებით, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, ნინოწმინდის, ახალქალაქის, ადიგენის და ბორჯომის რაიონული სამმართველოების წინ, დაღუპული პოლიციელების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალები გაიხსნა.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, 2008 წელს დაღუპული, ახალქალაქის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, 23 წლის ლეიტენანტ არტურ ბერუჯანიანის სახელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთში იმ ქუჩას დაერქვა, სადაც გამომძიებელი ცხოვრობდა. ასევე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, 2007 წელს დაღუპული ადიგენის რაიონული განყოფილების თანამშრომლის თამაზ ჩილინგარაშვილის სახელი ეწოდა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში მდებარე საბავშვო ბაღს. შსს-ს წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნულ ღონისძიებებს დაღუპული პოლიციელების ოჯახის წევრები, ნათესავები და მეგობრები დაესწრნენ.