ახალციხის რაიონულ სასამართლოში ადიგენის ყოფილი გამგებლისა და მასთან ერთად ბრალდებული კიდევ ორი პირის სასამართლო პროცესი დღეს, 15:00 საათზე დაიწყო. სიმონ პარუნაშვილის, ჯემალ იაკობიძისა და რატი ტატალაშვილის ადვოკატები დასკვნით სიტყვას კითხულობენ, რის შემდეგაც სხდომაზე საკუთარ მოსაზრებებს თავად ბრალდებულები დააფიქსირებენ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლისა და მისი თანამშრომლების წინა პროცესზე დასკვნითი სიტყვა ბრალდების მხარემ წაიკითხა, სადაც რევაზ მამადაშვილმა ის ბრალეულება განიხილა, რასაც გამოძიება სიმონ პარუნაშვილს, ჯემალ იაკობიძესა და რატი ტატალაშვილს ედავება.
გამოაცხადებს თუ არა მოსამართლე გიორგი ლონდარიძე საბოლოო განაჩენს, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი სიმონ პარუნაშვილი 2013 წლის 27 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. 29 აგვისტოს კი ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გირაოს სახით 3 000 ლარი შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
სიმონ პარუნაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 332–ე მუხლით ედება, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და გულგრილობას გულისხმობს.
You must be logged in to post a comment.