საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილება შედის, რომლის მიხედვითაც ზოგიერთი პასუხისმგებლობა შემსუბუქდება, ხოლო რიგ შემთხვევებში – გამკაცრდება.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლევან იზორიამ წარადგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, საურავის დაკისრებისა და ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში მართვის უფლების შეჩერების ახალი მექანიზმები დაინერგება.
კანონპროექტის მიხედვით, თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის, მას დაეკისრება საურავი ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა, ხოლო დადგენილ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისას მას მართვის უფლება 6 თვის ვადით შეუჩერდება. ცვლილების თანახმად, ჯარიმის ან საურავის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის გამო გამოცემული დადგენილება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების შესახებ შეიძლება გაუქმდეს, თუ ჩადენილი სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობა 100 ლარს არ აღემატება და სამართალდამრღვევი მართვის უფლების შეჩერების ვადის გასვლამდე გადაიხდის დაკისრებული ჯარიმისა და საურავის ორმაგ ოდენობას, ხოლო თუ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებამდე დაკისრებული ჯარიმა 100 ლარს აღემატება – გადაიხდის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებამდე დაკისრებული ჯარიმისა და საურავის ერთნახევარ ოდენობას, მაგრამ არა უმეტეს 2000 ლარისა. გარდა, ამისა, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის თანხის სრულად ჩარიცხვა სახელმწიფო ბიუჯეტში ვერ განხორციელდა საბანკო დაწესებულების ან ელექტრონული გადახდის საშუალების მომსახურებისთვის დადგენილი საფასურის დაქვითვის გამო, რასაც შედეგად სამართალდამრღვევისთვის საურავის დარიცხვა და ავტოსანტრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება მოჰყვა, სამართალდამრღვევის მიერ ჯარიმის თანხის სრულ ოდენობამდე შევსების შემთხვევაში გაუქმდება მის მიმართ დაკისრებული საურავი, ასევე გაუქმდება გამოცემული დადგენილება მართვის უფლების შეჩერების შესახებ, სამართალდამრღვევს აღუდგება მართვის უფლება და დაუბრუნდება მართვის მოწმობა.
You must be logged in to post a comment.