სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენში 120 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლა შენდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მშენებლობის მიმდინარეობას გაეცვნენ და მშენებლებს, სოფლის მოსახლეობას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს გაესაუბრნენ.
სკოლის ძველი შენობის დიდი ნაწილი ავარიულ მდგომარეობაში იყო და სიცოცხლისთვის საფრთხეს შეიცავდა. მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სამინისტროს სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად ჩათვალა ახალი სკოლის მშენებლობის დასრულებამდე, მოსწავლეები შენობის უსაფრთხო ნაწილში გადაეყვანა და ავარიული ნაწილის სრული იზოლირება განეხორციელებინა.
სოფელ ბუღაშენში ახალი სკოლა გაცილებით უკეთეს და ხელსაყრელ ადგილზე შენდება, სკოლას ექნება თანამედროვე გათბობის სისტემა. კლას-კაბინეტები თანამედროვე სასკოლო მერხებით, დაფებითა და ახალი კომპიუტერებით აღიჭურვება.
სკოლების რეაბილიტაცია, ახალი სკოლების მშენებლობა და თანამედროვე ტექნიკით მათი აღჭურვა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია, სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით 9 ახალი სკოლის მშენებლობა ხორციელდება. მომავალი სასწავლო წლისათვის კი, 100-ობით სკოლა გარემონტდება და თანამედროვე სტანდარტებით აღიჭურვება.
You must be logged in to post a comment.