ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებსა და სამცხე 21–ეს” დირექტორს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გირაო შეუფარდა: რევაზ მერაბიშვილს – 20 000, გიორგი ქასრაშვილს – 20 000, ხოლო გურამ ფარცახაშვილს – 40 000 ლარის ოდენობით.
მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. პროკურორი რევაზ მამადაშვილი დაკავებულების აღმკვეთ ღონისძიებად მათ დაპატიმრებას მოითხოვდა. მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილის განმარტებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, შპს “სამცხე 21–ეს” დირექტორმა გურამ ფარცახაშვილმა 33 400 ლარი მიითვისა, მას გირაოს თანხის ოდენობა– 40 000 ლარი აქედან გამომდინარე შეეფარდა. ხოლო მერაბიშვილისა და ქასრაშვილის მიერ მითვისებული თანხის ოდენობა პროკურორმა ვერ დაასახელა. დოკუმენტების მიხედვით კი ეს თანხა 10 000 ლარამდეა, შესაბამისად მათ გირაო – 20 000 – 20 000 ლარის ოდენობით შეეფარდათ.
გამგეობის თანამშრომლების ადვოკატის ირაკლი ბარძიმაძის განცხადებით, ფულადი თანხის ნაცვლად დაკავებულთა ოჯახები უძრავ ქონებას, კერძოდ კი საცხოვრებელ სახლს ჩადებენ და მათი გათავისუფლებაც მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება.
ბრალდების მხარის განცხადებით, ასპინძის ქუჩის #28 კორპუსის გადახურვის დროს ტენდერში გამარჯვებულმა შპს “სამცხე 21–ემ” უკანონოდ გამოიყენა ხე–მასალა, რომელიც გამგეობას უსასყიდლოდ ფინანსთა სამინისტრომ გადასცა. გარდა ამისა, გაცილებით ნაკლები მასალა დაიხარჯა ვიდრე პროექტშია მითითებული. გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტებმა ამავე სამსახურის უკვე ყოფილი თანამშრომლის თენგიზ ზედგინიძის მითითებით, სამუშაოები შეისწავლეს. რევაზ მამადაშვილის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, შპს–ს მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობა და ხარისხი, პროექტით გათვალისწინებულ მოცულობასა და ხარისხს არ შეესაბამებოდა. აღნიშნულის შესახებ მათ საკრებულოს თავმჯდომარეს აცნობეს. ოლეგ სანდროშვილმა კი მათ ყალბი აქტის შედგენა დაავალა. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სამსახურს დაკარგავდნენ. მათ გააყალბეს ოქმი, რის საფუძველზეც შპს “სამცხე 21–ეს” 2013 წლის 27 სექტემბერს 54 764 ლარი ჩაერიცხა.
პროკურორის ბრალდებებს ადვოკატებმა ივანე ტატალაშვილმა და ირაკლი ბარძიმაძემ უსუსური უწოდეს. მათი განმარტებით, ბრალდების დამადასტუერბელი დოკუმენტები, რომელიც პროკურორმა წარმოადგინა საკმარისი არ არის და საფუძველს მოკლებულია.
გურამ ფარცახაშვილის თქმით, კი მას თანხა არ მიუთვისებია და ხე–მასალა, რომლის უკანონო გამოყენებასაც პროკურორი ედავება, გამგეობისთვის გადასაცემად მზად აქვს. მისივე განმარტებით, ჩაბარებული ჰქონდა აღნიშნული მასალა და იმის გამო, რომ დროთა განმავლობაში დაზიანდებოდა, გამგეობისგან ითხოვა, რომ სახურავის გადახურვისას გამოიყენებდა, ხოლო შემდეგ კი უკან დასაბრუნებლად იგივე რაოდენობის ხე–მასალას შეიძენდა.
“ჩაატარონ აუდიტი და შეამოწმონ, თუ ერთი ლარი მაინც მაქვს გარღვევა” – განაცხადა პროცესზე გურამ ფარცახაშვილმა.
დღევანდელ სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირებიც. ოლეგ სანდროშვილი ბრალდების მხარის მიერ პროცესზე მისი სახელის არაერთხელ გააჟღერების ფაქტს გამოეხმაურა.
“მეგონა რომ სასამართლო დარბაზიდან შეეძლოთ რომ დავეპატიმრებინე. პროკურორმა ერთადერთი მოწმის თენგიზ ზედგინიძის ნაბოდვარზე ააწყო ბრალდება და არა ერთხელ ახსენა ჩემი გვარი. ეს ჩემთვის იყო შეურაცხმყოფელი, რადგან ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მომიხსენია, თითქოსდა მე ვიყავი ბრალდებულის სკამზე. ეს ნიშნავს, რომ ჩემს საწინააღმდეგ გარკვეული ჯგუფები მუშაობენ და ამაში ჩართულია საფინანსო სამსახური. დღევანდელი პროცესით გამოჩნდა, რომ პროკურორიც, ფაქტიურად, ასრულებს იმ ჯგუფი დაკვეთებს, რომელიც ჩემს წინააღმდეგ იბრძვის ძალიან უსაფუძვლოდ. მოვითხოვ, უფრო მეტ კომპატენტურობას. ამდენი ხალხის წინაში შეურაცხყოფა საკმაოდ უხერხულია ისეთი დონის სპეციალისტებიგან, როგორადაც თვითონ თვლიან თავს. ვაცხადებ, რომ ჩემი მხრიდან სათანადო ზომები იქნება მიღებული” – განაცხადა ოლეგ სანდროშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 11 აპრილს გიორგი ქასრაშვილი და რევაზ მერაბიშვილი ასპინძის ქუჩის #28 კორპუსის გადახურვის დროს განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი სიყალბისა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა დააკავა. ასევე დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით დააკავეს გურამ ფარცახაშვილიც.
ახალციხის რაიონულ სასამართლოში წინასასამართლო სხდომა 2 ივნისს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, გამოძიებით დადგენილია, რომ 2013 წლის 17 ივლისს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონული ტენდერში ქ. ახალციხეში საცხოვრებელი კორპუსის სახურავების სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე, გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „სამცხე XXI.”. ტენდერის პირობების თანახმად, შესრულებულ სამუშაოებზე კონტროლი ევალებოდა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განყოფილების სპეციალისტებს, რევაზ მერაბიშვილსა და გიორგი ქასრაშვილს, რომლებმაც შეადგინეს ყალბი მონაცემების ამსახველი სამუშაოების მიღება-ჩაბარებისა და შესრულებული სამუშაოების აქტები, სადაც არ იქნა ასახული შესრულებული სამუშაოს შესახებ რეალური მონაცემები, რომლის საფუძველზეც შესრულებულად ნაჩვენები იქნა 54 800 ლარის სამუშაოები, ხოლო ფაქტობრივად კი საწარმოს დირექტორის გურამ ფარცახაშვილის მიერ მითვისებული იქნა 33 400 ლარი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე, 341 და 182-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 7 დან 11 წლამდე .
You must be logged in to post a comment.