”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბესიკ ბლიაძის ადვოკატი განაჩენს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს

nugzari samarjishvili.avi_000007440    ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის ადვოკატი ბესიკ ბლიაძის მიმართ აღმკვეთი ღონისძიებისა და თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში დღეს გაასაჩივრებს. ნუგზარ სამარჯიშვილის მტკიცებით, აუცილებლად გამამართლებელი განაჩენი დადგება. მისივე თქმით, პროკურატურის მხრიდან  საქმის გამწვავების შემთხვევაში, ბესიკ ბლიაძისთვის  ყველა ზიანის ანაზღაურების საკითხს აუცილებლად დააყენებს.

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათში განმარტებულია, რომ გამოძიება თვითმართველობის ერთეულ – ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლების მიერ შესაძლო სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე 2014 წლის 24 თებერვალს დაიწყო.

ნუგზარ სამარჯიშვილის განმარტებით, გამოძიება გამგეობის ყოფილი თანამშრომლის ეკა ტატალაშვილის განცხადების საფუძველზე მიმდინარეობს. ადვოკატის თქმით, ეკა ტატალაშვილმა კონკურსი ვერ გაიარა და შესაძლოა განაწყენებულმა ბრძოლა ამ მეთოდებით დაიწყო.

ბესიკ ბლიაძის ადვოკატის განმარტებით, დოკუმენტები, რომელიც პროკურატურაში მოხვდა და რის საფუძველზეც გამოძიება დაიწყო, მოხვდა უკანონო გზით.  ნუგზარ სამარჯიშვილი კითხვას სვამს: რატომ არ მიაქცია ყურადღება პროკურატურამ ამ დეტალებს?

            „არვიცი მან გაიტანა თუ მას ვიღაცამ შეუკვეთა და გაატანინა – ეს გამოძიების დასადგენია და სწორედ ამიტომ ეთერის საშუალებით მივმართავ გამოძიებას, რომ ამ კუთხით იზრუნოს, გაცილებით უპრიანი იქნება“  – განაცხადა ნუგზარ სამარჯიშვილმა 26 მარტს  „მეცხრე არხის“ ეთერში.

25 მარტს, ბესიკ ბლიაძე ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოწმის სახით იყო დაბარებული. თუმცა გამოძიებამ  მას ბრალი დოკუმენტაციის გაყალბებაში წაუყენა   და სასამართლომ მას გირაოს სახით 4000 ლარი შეუფარდა.

სამარჯიშვილის განმარტებით, ოთხი თანამშრომელი: მანუჩარ გოგოლაური, მანანა ბალიაშვილი, ქეთევან ინასარიძე და მამუკა მესხი  სამი თვის ვადით იყო დანიშნული: შემდგომში ადმინისტრაციისა და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ეს ადამიანები უნდა დაენიშნა არა სამი თვის ვადით არამედ კონკურსის გამოცხადებამდე.

        „იმისთვის არსებობს ადმინისტრაციული სამსახური, იმიტომ არსებობს იურიდიული სამსახური, რომ ბრძანება იქნება ეს, თუ სხვა დოკუმენტი, რასაც ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ხელს აწერს, იურიდიულად იყოს გამართული, მოყვანილი იყოს წესრიგში“   – განაცხადა სამარჯიშვილმა.

მისივე თქმით, გადაცდომად თუ შეიძლება ჩაითვალოს, გადაცდომა  შეიძლება იყოს ის, რომ ბესიკ ბლიაძემ არ გადაამოწმა დოკუმენტები და  თანამშრომლებს ენდო.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341 მუხლის მიხედვით, ყალბი დოკუმენტის შექმნა გამოწვეული უნდა იყოს ანგარებით ან პირადი მოტივით. სამარჯიშვილის აზრით, ეს განმარტება ყურადსაღებია.

არის თუ არა ეს პოლიტიკური ანგარიშსწორება, ამასთან დაკავშირებით სამარჯიშვილი აცხადებს:

„თვითთმართველობის არჩევნებია და საქმე ზერელე ბრალთან რომ გვაქვს, ბუნებრივად გაგიჩნდება ადამიანს ეჭვი“ .

ბესიკ ბლიაძის პროცესი ახალციხის რაიონულ სასამართლოში 8 მაისს არის ჩანიშნული.

Information

This entry was posted on 27/03/2014 by in სამართალი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე